Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მისაქციელის სკოლას დროებით გაამაგრებენ

მისაქციელის საჯარო სკოლა
მისაქციელის საჯარო სკოლა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლას გაამაგრებენ, რათა შესაძლებელი გახდეს სასწავლო წლის ამავე შენობაში გაგრძელება. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით უნდა შესრულდეს.

„საჭირო უსაფრთხოების ღონისძიებების დროულად განუხორციელებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის შენობის უსაფრთხო დროებით ექსპლუატაციას და სკოლის ფუნქციონირების სათანადო პირობებში უზრუნველყოფას. ამასთან, შესაძლოა შეიქმნას მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებები“, - წერს ფონდი შესყიდვების სააგენტოს.

სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 1 096 494 ლარია, კომპანია შპს „ინსმა“ 4 თვის განმავლობაში უნდა ჩაატაროს.

საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაკვეთით სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ მისაქციელის სკოლაზე 26-გვერდიანი დასკვნა მიმდინარე წლის 2 მარტს მოამზადა:

„ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო. ხანდაზმულობიდან გამომდინარე მთლიანობაში შენობის კონსტრუქციებს განცდილი აქვს ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა... მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს მისი დემონტაჟი და აშენდეს ახალი...“

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრს, რევაზ სოხაძეს 24 სექტემბერს მიმართა და ითხოვა „ვინაიდან 2026-2027 სასწავლო წელი უკვე აქტიურ ფაზაშია, აუცილებელია შენობაზე დროულად იქნას მიღებული გადაწყვეტილება“.

იმავე დღეს უწყების პრესსამსახურმა საზოგადოებას აცნობა, რომ კომისიამ იმსჯელა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარე საჯარო სკოლაზე: „არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს“.

რადიო თავისუფლების ცნობით, სასწავლო წლის დასაწყისში სულ მცირე 14 საჯარო სკოლა იყო, რომელშიც სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულებრივად დაიწყო, ორ დღეში - ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე - დაიკეტა.

ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა ნონა მენაბდიშვილმა დაუდასტურა.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში სკოლის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობა. შეიცვალა სახურავის ის ნაწილი, საიდანაც შენობაში წყალი ჩადიოდა, შეკეთდა დაზიანებული კედლები.

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, შენობის ძირეული რეაბილიტაცია 2026-27 სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ დაიწყება:

„სამომავლოდ ასევე იგეგმება, სკოლის ძველი, მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახლის აშენება, მანამდე სწავლა, პირველ კორპუსში გაგრძელდება“.

ველისციხის სკოლაში, რომელშიც 550-მდე მოსწავლე და 50-მდე პედაგოგი ირიცხება, სწავლა 2026 წლის 18 სექტემბერს შეწყდა. მშობლებს 17 სექტემბრის საღამოს შეატყობინეს, რომ სკოლა სარემონტოდ დაიხურა, სწავლა კი ონლაინ ფორმატში გაგრძელდებოდა.

მშობლების და პედაგოგების ნაწილი ონლაინსწავლების წინააღმდეგი იყო. მათ 30 სექტემბერს „სკოლაში დაბრუნების“ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის გამართვიდან რამდენიმე დღეში სოფელში ჩავიდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლის დიდი არდადეგების დროს ჩატარდებოდა.

თბილისის მე-10 სკოლა

დღეს, 26 ოქტომბერს კიდევ ერთი აქცია გამართეს თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა. წლებია სამშენებლო პროცესი ვერ დასრულდა.

„მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი წლის სექტემბერში ამ სკოლაში სწავლა დაიწყება. თუ არ დაიწყება, მე იქ აღარ ვიქნები, სადაც ვარ“, - თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, რომელიც მათ შეხვდა.

მეათე სკოლის შენობა, რომელიც თბილისში დადიანის ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს, ახლის აშენების დაპირებით. 1400-მდე მოსწავლე და მასწავლებელი დიდუბის რაიონში მდებარე 22-ე სკოლაში შეასახლეს.

2025 წელს ცნობილი გახდა, რომ 22-ე სკოლის ორივე ფლიგელი დაატოვებინეს მოსწავლეებს, მეოთხე სართულზე გაჩენილი ბზარის გამო. ამის გამო მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს და ისინი სხვა შენობაში გადაიყვანეს.

მშობლები და ბავშები წლებია ითხოვენ სკოლის შენობის აშენებას.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG