Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა გამოავლინა რუსეთიდან კოორდინირებული ქსელი, რომელიც იარაღის ქარხნის დაწვას ცდილობდა

რუმინეთის დროშა ბუქარესტში(საილუსტრაციო ფოტო)
რუმინეთის დროშა ბუქარესტში(საილუსტრაციო ფოტო)

რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოავლინა საბოტაჟის მიზნით რუსეთის მიერ კოორდინირებული ქსელი, რომელიც მონაწილეობდა ხანძრის გაჩენაში ქალაქ ბრაშოვში, იარაღის მწარმოებელ ქარხანა Carfil-თან ახლოს მდებარე სამრეწველო პლატფორმაზე.

ქარხნის მახლობლად ხანძარი 14 სექტემბერს გაჩნდა, ქსელის გამოვლენის შესახებ კი რუმინეთის დაზვერვის სამსახურმა 26 ოქტომბერს განაცხადა გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით.

გამოძიებით დადასტურებულია, რომ ხანძრის გაჩენაში მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოებში ცხოვრობენ. რუმინეთის დაზვერვის სამსახურს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.

ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ეჭვმიტანილი არიან ბელარუსის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

ორი მათგანი დააკავეს გერმანიაში, სადაც ანალოგიურ აქტს გეგმავდნენ, ერთი კი - პოლონეთში. რუმინეთი სამივეს ექსტრადიციას ითხოვს.

რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი

რუმინეთის დაზვერვის სამსახურის თანახმად, ქსელს, რომლის მისია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ რუმინეთით, რუსი კოორდინატორების მიერ განსაზღვრული ჰქონდა რეგიონში სამიზნეთა ფართო სპექტრი - სამხედრო ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო და კერძო საწარმოები.

რუმინეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, გამოვლენილი ქსელი ნაწილია ევროპაში რუსეთის მიერ კოორდინირებული ოპერაციების გაცილებით ფართო კამპანიის.

2026 წელს მხოლოდ რუმინეთში გამოაშკარავებულია სხვა მცდელობებიც, რომლებიც მიმართული იყო, მათ შორის, საერთაშორისო სამხედრო ობიექტების ან უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მოსამზადებლად გამოყენებული ობიექტების წინააღმდეგ.

  • ნატოს და ევროკავშირის წევრი რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ რუმინეთი ერთ-ერთი სამიზნეა ჰიბრიდული ომის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით.

26 ოქტომბერს რუსეთის ხელისუფლებას რუმინეთის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური განცხადების პასუხად არაფერი უთქვამს. მოსკოვი, როგორც წესი, მსგავს ბრალდებებს უარყოფს და ევროპას ანტირუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებს.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG