ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და 14 დაშავებულის შესახებ, 27 ოქტომბერს დილით ადრე სოციალური ქსელებით გაავრცელა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
დაშავებულთა უმრავლესობა კიევის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მობინადრეა. ამ შენობის გარდა, კიევში დაზიანებულია სახლები, ორი სამედიცინო დაწესებულება და ადმინისტრაციული შენობა.
კიევის სამხრეთის ხიდზე, სადაც საავტომობილო გზის გარდა, მეტროს ხაზიც გადის, დაზიანებულია მეტროს ინფრასტრუქტურა. ხიდი დროებით დაიკეტა ავტოტრანსპორტისთვისაც.
მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ტელეგრამ-არხით გაავრცელა დაზიანებული სამხრეთის ხიდის ფოტოები.
უკრაინის დედაქალაქზე მორიგი შეტევის შემდეგ, 27 ოქტომბერს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ კიევში დაარტყეს საწარმოს, საამქროს და სახელოსნოს, სადაც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებდნენ და ინახავდნენ და სამხრეთის ხიდს, რომელსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტისთვის იყენებენ.
რუსეთის მიერ დასახელებულ ობიექტებზე დარტყმა, გარდა ხიდისა, უკრაინას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
- 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა რამდენჯერმე დაარტყეს კიევის სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებს, რომლებზეც სამოქალაქო ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტები გადის.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე აცხადებდა, რომ ამ ხიდებს უკრაინის არმიისთვის ტვირთების მისაწოდებლად იყენებენ.
ფორუმი