Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთზე შეტევის სამიზნეებს შორის სავარაუდოდ, იყო ამიაკის მწარმოებელი უმსხვილესი ქარხანა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკის ქარხანა „აზოტს“ 2025 წელსაც დაარტყეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკის ქარხანა „აზოტს“ 2025 წელსაც დაარტყეს.

28 ოქტომბერს უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. მათ შორის ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკზე, სადაც არაერთი მსხვილი საწარმოა. რუსული და უკრაინული წყაროების ცნობით, სამიზნე ამიაკის მწარმოებელი „აზოტი“ იყო.

ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა დაადასტურა, რომ „დაზიანებებია“ ნოვომოსკოვსკის სამრეწველო ზონაში, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. ქალაქში სიტუაციის მონიტორინგისთვის გაგზავნეს ფედერალური სამსახურის, „როსპოტრებნადზორის" ლაბორატორიის წარმომადგენლები. ამ სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლია.

გუბერნატორის ცნობითვე, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლებიც. დაშავდა ერთი ადამიანი. მილიაევის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული მონაცემებით, „განადგურებულია 64 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.

მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, ქალაქ ნოვომოსკოვსკზე შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ქარხანა „აზოტში“. კიდევ ერთი უკრაინული არხის, Supernova+-ის ცნობით, იწვის ამიაკის დანადგარი АМ-70.

გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე „აზოტის“ ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ დაწერა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც.

უკრაინას ამ ობიექტზე შეტევა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „აზოტზე“ შეტევა ადრეც არაერთხელ მიიტანეს, მათ შორის 2026 წლის ივნისში.

  • ჰოლდინგ „ევროხიმის“ შემადგენლობაში მყოფი „აზოტი“ რუსეთში ამიაკის და მინერალური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. მისი პროდუქცია სამხედრო დანიშნულების ქარხნებსაც მიეწოდება ფეთქებადი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალების საწარმოებლად.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG