- ფლავიუ ბოლსონარუს ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე გამოძიების გამო. ის ამ საქმესთან კავშირს უარყოფს.
- 26 ოქტომბერს ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ფლავიუ ბოლსონარუს მოსთხოვა, პასპორტი ჩაებარებინა და ქვეყანა არ დაეტოვებინა.
- დოკუმენტების ჩასაბარებლად მიცემული 24-საათიანი ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, ფედერალურმა პოლიციამ ანულირებულად გამოაცხადა ფლავიუ ბოლსონარუს სახელზე გაცემული ყველა პასპორტი.
ბრაზილიური და ამერიკული მედიასაშუალებების ნაწილმა და ბრიტანულმა BBC-მ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 27 ოქტომბერს დაწერეს, რომ ფლავიუ ბოლსონარუ ოჯახთან ერთად აშშ-ში ჩავიდა.
მანამდე BBC-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ფლავიუ ბოლსონარუს და მისი ოჯახის წევრებს ამერიკის ვიზებს მისცემდნენ.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ ფლავიუ ბოლსონარუს „აშშ-ის ქლესა" უწოდა. მისი განცხადებით, ვისაც დასამალი არაფერი აქვს, არ უნდა ეშინოდეს და ბოლსონარუს შეეძლო ქვეყანაში დარჩენილიყო და უდანაშაულობა დაემტკიცებინა.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ფლავიუ ბოლსონარუ შეერთებულ შტატებში არგენტინის გავლით გაემგზავრა.
არგენტინამ ბოლსონარუს ეკვადორში გამგზავრება დაადასტურა
არგენტინის მიგრაციის სამსახურმა დაადასტურა, რომ 27 ოქტომბერს ღამით ფლავიუ ბოლსონარუ, მისი ცოლი ფერნანდა და ორი ქალიშვილი შესაბამისი სამგზავრო დოკუმენტებით შევიდნენ არგენტინის ტერიტორიაზე, მისიონესის პროვინციაში, რომელიც ბრაზილიას ესაზღვრება.
არგენტინის მიგრაციის სამსახურის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე მათი შესვლის შეფერხებისთვის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა და იმავე ღამით, ბოლსონარუ ოჯახის წევრებთან ერთად არგენტინული ავიაკომპანიის, Baires Fly S. A. კერძო რეისით ეკვადორში გაემგზავრა.
- ბრაზილიაში 25 ოქტომბერს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მემარცხენე „მშრომელთა პარტიის“ კანდიდატმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ხმების 51,79%-ით დაამარცხა მემარჯვენე სენატორი, „ლიბერალური პარტიის" კანდიდატი ფლავიუ ბოლსონარუ(48,21%).
- საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართა, გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, თუმცა ფლავიუ ბოლსონარუმ ლულა და სილვაზე მეტი ხმა მიიღო.
მეორე ტურში დამარცხების შემდეგ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
45 წლის ფლავიუ ბოლსონარუ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს უფროსი ვაჟია.
ბრაზილიის პრეზიდენტის წინა არჩევნებში, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ჩატარდა, მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე პოპულისტი ჟაირ ბოლსონარუ მეორე ტურში დაამარცხა მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვამ.
ჟაირ ბოლსონარუს, რომელსაც „ბრაზილიელ ტრამპს" უწოდებენ, არჩევნებში დამარცხება საჯაროდ არ უღიარებია, თუმცა განაცხადა, რომ კონსტიტუციას პატივს სცემს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინ, რომელიც 2023 წლის 1 იანვარს გაიმართა, ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილია დატოვა და დროებით აშშ-ში, ფლორიდაში გაემგზავრა.
2023 წლის 8 იანვარს ბოლსონარუს მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ, კონგრესში, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პოლიციამ შენობები სპეციალური საშუალებების გამოყენებით გაათავისუფლა და ასეულობით პირი დააკავა.
2023 წლის იანვრის მოვლენების გამოძიების შედეგად, 2025 წლის თებერვალში ჟაირ ბოლსონარუს ბრალი წაუყენეს სახელმწიფო გადატრიალებისა და მოქმედი პრეზიდენტის დამხობის მცდელობაში. 2025 წლის სექტემბერში ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ჟაირ ბოლსონარუ დამნაშავედ ცნო და 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ფორუმი