Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ილონ მასკი გენიალური ადამიანია... მჭიდრო კონტაქტში ვართ... მნიშვნელოვანია, ორბიტებზე ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთ-აფრიკის სამიტზე. 2026 წლის 28 ოქტომბერი. მოსკოვი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთ-აფრიკის სამიტზე. 2026 წლის 28 ოქტომბერი. მოსკოვი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკს უწოდა „გენიალური ადამიანი, უბრალოდ, მართლაც გენიალური“ და განაცხადა, რომ რუსეთის მხარე „მჭიდრო კონტაქტშია“ SpaceX-ის დამფუძნებელთან. რუსეთის პრეზიდენტმა ეს განაცხადა 28 ოქტომბერს რუსეთ-აფრიკის სამიტის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე სტუმრობისას. პუტინის ამ ნათქვამს X-ზე გამოეხმაურა მისივე სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, რომელმაც მასკზე დაწერა - "ილონ მასკი გენიოსია და მშვიდობისმყოფელი".

„მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის ბატონ მასკთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია იქ, ორბიტებზე ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ, გარკვეული დისციპლინა, წესრიგი დავიცვათ“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ თანამგზავრული კავშირგაბმულობის განვითარებაზე საუბრისას და იქვე დააზუსტა, რომ მოსკოვი ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ "დამოუკიდებლად" და "ხარისხიანად".

იქვე, გამოფენაზე მყოფმა რუსეთს ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციის მინისტრმა მაკსუტ შადაევმა პუტინის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ SpaceX-ს ორბიტაზე აქვს ხუთი ათასზე მეტი თანამგზავრი სამინისტროს.

ილონ მასკი თანამგზავრული სისტემის - „სტარლინკის“ თავდასხმითი სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა და თავისი პოზიცია ახსნა რუსეთის მხრიდან თანამგზავრებზე დარტყმის საფრთხით, რაც დიდი რაოდენობით კოსმოსურ ნარჩენს წარმოქმნის. ამასთან, მასკი ამბობს, რომ დასაშვებია თანამგზავრული კავშირის გამოყენება სამხედრო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად.

ილონ მასკის ეს განცხადებები უკავშირდება უკრაინელი სამხედროების მიერ გამოყენებული თანამგზავრული ტერმინალების მუშაობის შეზღუდვას, რამაც შეუძლებელი გახადა Starshield-ის ტერმინალებთან დაკავშირებული უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედება და კიევის არაერთჯერადი განცხადების თანახმად, მნიშვნელოვნად შეზღუდა რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვის შესაძლებლობები. უკრაინამ აგრეთვე უარყო ბრალდება SpaceX-ის თანამგზავრული კომუნიკაციების თავდასხმითი ოპერაციებისთვის გამოყენებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო თეთრი სახლის ჩარევა თანამგზავრული კავშირის სიჩქარის შეზღუდვაში იმ ფონზე, როცა თავად ილონ მასკმა ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს პლატფორმა X-ზე განმარტა:

„Starshield-ის სისტემებს ფლობს და აკონტროლებს აშშ-ის მთავრობა. სიჩქარეზე ან მოხმარებაზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებაზე გადაწყვეტილებას იღებს აშშ-ის სამხედრო ძალები და საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტი. Starlink-ი კომერციული სერვისია, რომელსაც ფლობს და აკონტროლებს SpaceX-ი. Starlink-ის გამოყენება შეიძლება მშვიდობიანი ან თავდაცვითი მოქმედებებისთვის და არ შეიძლება თავდასხმითი სამხედრო მოქმედებისთვის, რადგან ეს არ შეესაბამება კომერციული კომპანიის საქმიანობას“.

მოგვიანებით, სააგენტო „როიტერსმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვაზე მითითება თეთრი სახლიდან მოდიოდა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG