არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პოლიტიკოსის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს „ქართულ ოცნებასა“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.
„ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას, არ გაჩუმდა, და ციხიდანაც კი საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავლისთვის იბრძვის... [„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა] შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს“, - წერს ორგანიზაცია და მის გათავისუფლებას მოითხოვს.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში ელენე ხოშტარიას ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ხოშტარიას „ჯანმრთელობის მდგომარეობა გისოსებს მიღმა გაუარესდა. ევროპარლამენტმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა“.
„ქართული ოცნების“ ლიდერი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ დარწმუნებულია, რომ ელენე ხოშტარია "არ თაღლითობს, მინდა ასე ვიფიქრო“:
„ელენე ხოშტარია იქნება თუ ნებისმიერი სხვა. ჩემთვის ელენე ხოშტარიაც თემაა, იმიტომ რომ პატარაობიდან ვიცნობ. პატარა იყო მაშინ, სულ სხვა ფიქრები, სხვა ამოცანები და სხვა ხედვები ჰქონდა, როცა გავიცანი. მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ესე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ ჩვენ და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ ჭირს. მე არ მინდა პარალელი გავავლო. დარწმუნებული ვარ, რომ არ თაღლითობს, მინდა ასე ვიფიქრო. რაც მთავარია, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედონ“.
მან ისევ საპროცესო გარიგების საკითხზე ისაუბრა - საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მან წაყენებული ბრალი უნდა აღიაროს. პროკურატურა ელენე ხოშტარიას ოპონენტის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება - მას 18-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ეტლით გადაადგილების ვიდეოკადრებს პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია ციხეში დაბრუნების შემდეგ გამოეხმაურა: „მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავაადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და, იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს“.
მისი თქმით, უკეთაა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე:
„ციხის ადმინისტრაციასთან არ მაქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ ჩემი ჯანმრთელობისთვის. ხოლო რაც შეეხება ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს“.
- უკვე 13 თვეზე მეტია, რაც ელენე ხოშტარია პატიმრობაშია. მისთვის შეფარდებული სასჯელის მიხედვით, საპატიმროში კიდევ 4,5 თვეს გაატარებს.
- ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის: „მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“;
- პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 5000-ლარიანი გირაო;
- საპატიმროში დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატის მოთხოვნის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა ის 2026 წლის პირველი ივლისს კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანა, სადაც მკურნალობა უტარდებოდა, 27 სექტემბერს კი უკან დააბრუნეს.
ფორუმი