ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნოამ სოლბერგმა შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ დავიდ ზინის მიმართა, გამოიძიონ საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთიდან შესაძლო ჩარევა.
ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისია აერთიანებს სამ ძირითად შტოს: სასამართლოს, პოლიტიკურს და ადმინისტრაციულ-პროფესიულს. კომისიას ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
- ისრაელში 27 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ბლოკმა და ვერც ოპოზიციურმა ბლოკმა ვერ შეძლეს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმების მიღება. სარეკორდო რაოდენობის ხმები მიიღეს არაბთა უმცირესობის ინტერესების გამომხატველმა პარტიებმა.
რის გამოძიებას ითხოვს სოლბერგი?
ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ნოამ სოლბერგმა შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ დავიდ ზინის 29 ოქტომბერს მიმართა წერილით, რომლის თანახმად, არსებობს სერიოზული ეჭვები უცხოეთიდან დაფინანსების გზით არჩევნებზე გავლენის შესახებ.
სოლბერგი აცხადებს, რომ თავად არ შეუძლია ამ ეჭვების დადასტურება, ამიტომ აუცილებელია დეტალური გამოძიება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობა და დემოკრატიული პროცესის მთლიანობა.
სოლბერგი შიდა უსაფრთხოების სამსახურისგან ითხოვს, შედეგები კვირის განმავლობაში წარუდგინოს.
„ლიკუდის“ ეჭვი და საპასუხო რეაქცია
ისრაელის მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ ეჭვობს, რომ კატარს შეეძლო დაეფინანსებინა ორგანიზაციები, რომლებიც არაბი ამომრჩევლების მობილიზაციის მიზნით მუშაობდნენ. კატარი ამას უარყოფს.
27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არაბი ამომრჩევლების აქტივობა 80,3% იყო, წინა, 2022 წლის არჩევნებისას კი - 53,9%. წლევანდელი არჩევნების წინასწარი შედეგებით, არაბულმა პარტია „რაამმა“ და სხვა არაბული პარტიების ბლოკმა „ერთობლივი სია“, საერთო ჯამში, 19 მანდატი მოიპოვეს, რაც არჩევნებში მათი მონაწილეობის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია.
„ლიკუდის“ ეჭვები ვერ იქნება არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის მტკიცებულება.
- 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ისრაელში პირველი იყო ქვეყანაზე ჰამასის თავდასხმისა და საპასუხოდ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
მას შემდეგ, რაც „ლიკუდმა“ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, პარტიაში განაცხადეს, რომ არჩევნები „მოპარულია", თუმცა არ მოუყვანიათ უცხოეთიდან არაბული პარტიების დაფინანსების არანაირი პირდაპირი მტკიცებულება.
ოპოზიციური ბლოკის ლიდერმა გადი აიზენკოტმა ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი პარტია დაადანაშაულა არჩევნების შედეგების „დელეგიტიმაციის“ მცდელობაში.
ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შტოს ხელმძღვანელმა დინ ლივნემ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრალდებები გაყალბების შესახებ დაუსაბუთებელია და არჩევნები კანონიერად ჩატარდა.
- წინასწარი ოფიციალური შედეგებით, 120-წევრიან ქნესეთში 53 დეპუტატი ეყოლება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს მემარჯვენე „ლიკუდისა“ და მისი მოკავშირე პარტიების ბლოკს, 48 - გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გადი აიზენკოტის ცენტრისტული „იაშარის“ და მისი მოკავშირე პარტიების ოპოზიციურ ბლოკს და 19 - არაბულ პარტიებს.
- საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას სულ მცირე 61 მანდატი სჭირდება.
- არჩევნების შედეგები განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის პარტიებს აიძულებს, კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებები აწარმოონ. თუ ეს ვერ მოხერხდა, ისრაელში ხელახალი არჩევნები დაინიშნება.
27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები 4 ნოემბერს უნდა წარუდგინონ ისრაელის პრეზიდენტს.
ფორუმი