„ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩავაქრობთ სინათლეს ჩვენს სახლში, სადაც 30 წელი ვიცხოვრეთ, გამოვრთავთ სერვერს და წავალთ. გაზეთი აღარ არის. რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა რედაქციას აიძულეს მუშაობის შეწყვეტა“, - ნათქვამია „ნოვაია გაზეტას” საიტზე 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რედაქციას მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობის მესაკუთრემ ოფისის დაცლა 9 ოქტომბერს მოსთხოვა და ერთი თვის ვადა მისცა. „ნოვაია გაზეტამ”ახალი ოფისის მოძიება ვერ შეძლო.
- უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გამოცემის საიტები დაბლოკა და ბეჭდური გაზეთის გამოცემის უფლება ჩამოართვა.
- „ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი „უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს.
- 2026 წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტის" სტატუსი მიანიჭა მთლიანად გამოცემასაც.
„ნოვაია გაზეტა” 1993 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ავტორიტეტიან რუსულ დამოუკიდებელ გამოცემად იქცა კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ჩეჩნეთის ომების კრიტიკული გაშუქების გამო.
2000-2009 წლებში მოკლეს გამოცემის ჟურნალისტები იგორ დომნიკოვი, იური შეკოჩიხინი, ანა პოლიტკოვსკაია, ანასტასია ბაბუროვა და ნატალია ესტემიროვა, ასევე ცნობილი რუსი უფლებადამცველი სტას მარკელოვი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა „ნოვაია გაზეტასთან”.
ფორუმი