ეს იქნება ევროპის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო ტალღის ნაწილი, რომელსაც ახალგაზრდები უდგანან სათავეში. ისინი აცხადებენ, რომ პოლიტიკური ელიტები მათ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევენ.
საფრანგეთით დაწყებული, შემდეგ იტალიითა და ესპანეთით გაგრძელებული, ახალგაზრდა პროტესტანტები ბოლო კვირების განმავლობაში ქუჩებში გავიდნენ, რათა თავიანთი ხმა მიეწვდინათ მმართველებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ეს დემონსტრაციები სერიოზულ ძალადობაში გადაიზარდა.
გერმანიაში, დაახლოებით 150 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, რათა შაბათს, დაახლოებით 30 ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ფრანკფურტსა და კიოლნში, გამოვიდეს საპროტესტო აქციებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობს ჯგუფი სახელწოდებით „GenZ regelt!“ (ჯენ-ზი აგვარებს).
ყველას „ღიად მოვუწოდებთ მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტებისკენ“, - თქვა ფედერალური "სტუდენტური კონფერენციის" წარმომადგენელმა როზე სიოზერმა დაგეგმილ დემონსტრაციებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა კატეგორიულად უარყოფს ძალადობას, პოლიცია მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს და ადგილზე ათასობით
სამართალდამცავს განათავსებს.
ამასთან, ძვირადღირებული პროდუქტის ზოგიერთი მაღაზია ვიტრინებს ფიცრებით ფარავს, რათა თავი დაიცვან შესაძლო მძარცველებისგან.
საპროტესტო მოძრაობას არაერთი საჩივარი აქვს: ცხოვრების მაღალი ხარჯებიდან და სკოლების მოუწესრიგებელი მდგომარეობიდან
დაწყებული - სამთავრობო ხარჯების შემცირებამდე. ისინი აკრიტიკებენ პოლიტიკოსებს, რომლებიც, როგორც ჩანს, გადაწყვეტილებების მიღებისას ახალგაზრდა თაობის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებენ.
„ჩვენ ახალგაზრდები ვართ და აღარ გვსურს, გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ, როგორ წყდება ჩვენი მომავალი ისე, რომ ჩვენი ხმა არავის ესმის“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში. ჯგუფი საკუთარ თავს "არაპარტიულ ალიანსად" მოიხსენიებს.
მათი თქმით, ხარჯები მცირდება განათლებაში, კულტურასა და ჯანდაცვაში:
„ეს შემცირებები ჩვენს ხარჯზე ხდება, მაშინ როცა მსხვილი კორპორაციები
კვლავაც მოგებას იღებენ, მილიარდები კი შეიარაღების გაძლიერებას ხმარდება.“
მათ უკმაყოფილებას იწვევს ასევე გერმანიის მცდელობა, გააძლიეროს თავისი სამხედრო პოტენციალი ნებაყოფლობითი სამსახურის ახალი მოდელის მეშვეობით. ამასთან, არსებობს შიში, რომ შესაძლოა კვლავ შემოიღონ სავალდებულო სამხედრო გაწვევა.
ფორუმი