2026 წლის კონკურსში, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მეოთხედ გამოაცხადა, ოთხი ადგილისთვის საპრიზო ფონდი 300 000 ლარი იყო.
გუგა გიორგობიანი, რომლის ვიდეოებმაც 162 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა, ბიუჯეტიდან ჯილდოდ მიიღებს 150 000 ლარს (გადასახადების ჩათვლით).
ვინ არიან სხვა გამარჯვებულები
ვიდეოების 104-მილიონიანი ნახვით მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა ასამბაძე, რომელიც 70 000 ლარს მიიღებს (ასევე გადასახადების ჩათვლით).
მესამე-მეოთხე ადგილზე გასულებს, – ნიკა გელაშვილსა (92.5 მლნ ნახვა) და ჯაბა გოგიტიძეს (66 მლნ ნახვა) – შესაბამისად, 50 000 და 30 000 ლარი გადაეცემათ.
კიდევ ერთ მონაწილეს, სოფო ნიკოლაძეს, ერთ-ერთი კერძო კომპანიისგან ბათუმში ბინა გადაეცემა.
დაჯილდოების ცერემონიალი 2026 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა ბათუმში.
„ეს სამი თვე იყო ჩემთვის ყველაზე მაგარი მოგონება ცხოვრებაში... აჭარა არის უსაზღვრო. არასდროს არ მთავრდება“, – განაცხადა გიორგობიანმა დაჯილდოების შემდეგ აჭარის ტელევიზიასთან. ის კონკურსში მეგობრებთან ერთად მონაწილეობდა.
მიზანი: „შიდა ტურიზმის სტიმულირება“
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანახმად, პროექტის ფარგლებში გავრცელებული ვიდეოების ნახვებმა ერთ მილიარდს გადააჭარბა.
კონკურსი, რომელიც 2023 წლიდან ტარდება, წელს პირველ ივლისს დაიწყო.
ქართველი ინფლუენსერებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი პროექტს სხვადასხვა მიზეზით აკრიტიკებდა, მათ შორის, მაღალი სამომხმარებლო ფასებისა და აჭარაში სიღარიბის დონის ფონზე, რეგიონის არარეალისტურად „გლამურულად“ წარმოჩენის, ასევე, საპრიზო ფონდისათვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის გამო.
მის ფარგლებში „ქართველი კონტენტ-კრეატორების, ბლოგერების, მოგზაურების, ინფლუენსერების, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებისა და ცნობილი სახეებისთვის“ დაწესებული იყო საპრიზო ფონდი ყველაზე მეტად ნახვადი ვიდეოებისათვის.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანახმად, სარეკლამო კამპანია შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით დაიწყო.
მონაწილეობის პირობა იყო, მონაწილეებს მოენახულებინათ წინასწარ განსაზღვრულ „სამოგზაურო პაკეტში“ მითითებული ადგილები, თითოეულ ადგილზე და თემაზე გადაეღოთ აჭარაში მოგზაურობასთან დაკავშირებული, „დადებითი შინაარსის, შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კონტენტი“.
2026 წელს ოთხი საპრიზო ადგილისათვის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი იყო გამოყოფილი.
ფორუმი