Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია რუსეთისგან ჯაშუშობაში ბრალდებული იაპონიის მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტოშიმიცუ მოტეგი ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მოსკოვი, 2019 წლის 19 დეკემბერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტოშიმიცუ მოტეგი ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მოსკოვი, 2019 წლის 19 დეკემბერი

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტოშიმიცუ მოტეგი პარასკევს, ატლანტაში, G20-ის შეხვედრის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა და რუსეთის სახალინის ოლქში დაკავებული იაპონიის მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვა.

ორი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის ეს იშვიათი შეხვედრა უკრაინის ომისა და ხანგრძლივი ტერიტორიული დავის გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე გაიმართა.

„მინისტრმა მოტეგიმ იაპონიასა და რუსეთს შორის არსებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მხარეს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა და საკუთარი პოზიცია წარუდგინა“, - ნათქვამია ვაშინგტონში იაპონიის საელჩოს განცხადებაში.

„რაც შეეხება სახალინის ოლქში იაპონიის მოქალაქის დაკავებას, მინისტრმა მოტეგიმ კატეგორიულად მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთმა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, სახალინის ოლქში, ჯაშუშობის ეჭვით იაპონელი ჟურნალისტი დააკავა.

იაპონია უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებს შეუერთდა. მოსკოვი იაპონიას „არამეგობრულ“ ქვეყნად მიიჩნევს.

მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები კვლავ გრძელდება - იაპონია რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მყიდველია.

Reuters-ის ინფორმაციით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კატეგორიულად მოუწოდა რუსეთს, გადადგას პოზიტიური ნაბიჯები უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“.

განცხადების თანახმად, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, კომუნიკაციას შეინარჩუნებენ“.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ მოტეგის შორის მოკლე საუბარი“ იაპონური მხარის თხოვნით გაიმართა.

„რუსულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს შორის სრულფასოვანი დიალოგის აღსადგენად აუცილებელია, ტოკიომ უარი თქვას არამეგობრულ პოლიტიკაზე“, - წერს „ინტერფაქსი“, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეყრდნობა.

მანამდე, ატლანტაში G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის წინ ტრადიციული ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს. ამის მიზეზი ევროპელი წარმომადგენლების პროტესტი გახდა რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG