Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეშკიდან ევაკუირებულების თვითმფრინავები ბელორუსშია - მოსახლეობა უკრაინაში დაბრუნებას ელოდება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი, 30 ოქტომბერი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი, 30 ოქტომბერი

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქ ოლეშკიდან ევაკუირებული მოსახლეობით ოთხივე თვითმფრინავი ბელარუსის ქალაქ გომელში დაეშვა. ამის შესახებ 31 ოქტომბერს უკრაინის უმაღლეს რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

„ბოლო, მეოთხე თვითმფრინავი გომელში დაეშვა. რამდენიმე საათში ოლეშკიდან ევაკუირებული უკრაინის ყველა მოქალაქე, უკრაინულ დელეგაციასთან ერთად, უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იქნება“, - დაწერა მან ტელეგრამზე.

ევაკუირებულები უკრაინის საზღვრისკენ ავტობუსებით უნდა გაემგზავრონ. ისინი რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ბელარუსში რუსეთის ქალაქ ანაპიდან ჩაიყვანეს, სადაც მანამდე ოკუპირებული ყირიმის გავლით გადაიყვანეს.

ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაცია 30 ოქტომბერს, რუსეთისა და უკრაინის მიერ შეთანხმებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის პირობებში განხორციელდა.

ჰუმანიტარული ოპერაცია აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის შუამავლობით გახდა შესაძლებელი. პროცესში მონაწილეობდა რომის პაპი ლეო XIV-ც.

ქალაქში 25 ავტობუსისა და სასწრაფო დახმარების მანქანებისგან შემდგარი კოლონა შევიდა. ავტობუსებით 750-მდე ადამიანის გადაყვანა იყო შესაძლებელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ევაკუირებულთა დადასტურებულ რაოდენობას არ ასახავს.

მოსახლეობას შეეძლო აერჩია, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდებოდა, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდოდა თუ ქალაქში დარჩებოდა.

ოპერაციაში მონაწილეობდა უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა რწმუნებული დმიტრო ლუბინეცი, რომელიც ოკუპირებულ ოლეშკიში რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებულთან, იანა ლანტრატოვასთან ერთად ჩავიდა.

ლუბინეცის ინფორმაციით, ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას სურსათი, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები და სხვა აუცილებელი ნივთები მიაწოდეს.

30 ოქტომბრის საღამოსთვის ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 87 საათის განმავლობაში დარღვევის გარეშე მოქმედებდა.

ოლეშკი ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი რუსულმა ძალებმა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში დაიკავეს. საომარი მოქმედებებისა და 2023 წელს კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

BBC-ის ინფორმაციით, ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა საკვების, მედიკამენტების, სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდიდა. ზოგიერთი მცხოვრები საკვების მოსაპოვებლად დანაღმულ გზებზე გადაადგილებასაც რისკავდა.

ოლეშკის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 27 ოქტომბერს ამოქმედდა და 1 ნოემბრის საღამომდე უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად ჰუმანიტარული ოპერაციისა, კრემლმა განაცხადა, რომ ადგილობრივი ზავის წარმატება უკრაინის სხვა ტერიტორიებზე ცეცხლის შეწყვეტის გავრცელების მზადყოფნას არ ნიშნავს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG