პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარემ მოიპოვა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება გამოძიების ვერსიას, თითქოს ჩიკვაიძე 2025 წლის მარტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მობილური ტელეფონის საბაზო სადგურებთან დაკავშირების ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც გამოძიების მტკიცებით, ჩიკვაიძე სოფელ სადახლოსთან იმყოფებოდა, მის მიერ გამოყენებული ნომერი თბილისში ფიქსირდებოდა.
დაცვის მხარემ ახალი მასალები უკვე წარუდგინა საგამოძიებო უწყებას, მოითხოვა მათი საქმისთვის დართვა და ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის მიმართ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტა.
თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, ახალი მტკიცებულებები ეწინააღმდეგება იმ ინფორმაციას, რომელიც 2025 წლის 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად გამოიყენეს.
კერძოდ, სასამართლოს წარედგინა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის პატაკი, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 6 მარტის გვიან ღამითა და 7 მარტის გამთენიისას გიორგი ჩიკვაიძე სოფელ სადახლოსთან იმყოფებოდა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.
ამ გარემოებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 7 მარტს ცალკე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - ჯგუფურად სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე.
ადვოკატის ინფორმაციით, ამ გამოძიების ფარგლებში ჩიკვაიძისა და პაპიაშვილისგან ამოიღეს 21 800 აშშ დოლარი, საათები, ელექტრონული მოწყობილობები, ავტომობილი და მობილური ტელეფონი.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამოღებულ ტელეფონში ინახებოდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც შესაძლოა ჩიკვაიძის პოზიცია დაედასტურებინა.
მიგინეიშვილის თქმით, საქმეში ჩართვის შემდეგ, ადვოკატებმა კერძო გამოძიება ჩაატარეს და მოიპოვეს გიორგი ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ტელეფონის საბაზო სადგურებთან დაკავშირების ოფიციალური მონაცემები, ასევე ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ.
„მოპოვებული მონაცემებით, 2025 წლის 6 და 7 მარტს გიორგი ჩიკვაიძის მიერ გამოყენებული ნომერი თბილისში მდებარე ანძებზე ფიქსირდება და არა სადახლოს ან სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - აცხადებს ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, დამატებით მოპოვებული მასალები მიუთითებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩიკვაიძე და პაპიაშვილი თბილისში გადაადგილდებოდნენ ისეთ ადგილებში, სადაც მათი გადაადგილების გადამოწმება ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებითაც არის შესაძლებელი.
ადვოკატის განცხადებით, ახალი გარემოებები მიეწოდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც, სადაც, მისი ინფორმაციით, უკვე წარმოებაშია გიორგი ჩიკვაიძის საჩივარი მის მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რატომ დააპატიმრეს გიორგი ჩიკვაიძე
2025 წლის 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძეს მანამდე შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას როგორც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის შესახებ მიღებული ინფორმაციით, ისე გირაოს პირობების დარღვევით ასაბუთებდა.
პროკურატურის მაშინდელი განცხადებით, ჩიკვაიძე და პაპიაშვილი სასამართლო სხდომებზე რამდენჯერმე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ. ბრალდების მხარე ასევე მიუთითებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ჩიკვაიძე სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს იმყოფებოდა.
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა: ჩიკვაიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალა, ხოლო ირაკლი პაპიაშვილის მიმართ გირაო ძალაში დატოვა.
რა საქმეზე გაასამართლეს ჩიკვაიძე და პაპიაშვილი
გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ ძირითადი სისხლის სამართლის საქმე დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ეხება.
პროკურატურის ვერსიით, ბიზნესპარტნიორებმა წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს თანხა, რის შედეგადაც დაზარალებულ მხარეს 1 155 019 ლარის ზიანი მიადგა.
საქმე უკავშირდება სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „ელთ ბილდინგთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომლებიც იახტის შეძენასა და იჯარას ეხებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩიკვაიძემ და პაპიაშვილმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.
თავად ბიზნესმენები ბრალდებას უარყოფდნენ. გიორგი ჩიკვაიძე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ბიზნესზე ზეწოლას უკავშირდებოდა.
2025 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს ცხრა წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2025 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანალიზში ეჭვქვეშ დააყენა საქმის სისხლისსამართლებრივი საფუძვლები და მიუთითა შესაძლო პოლიტიკურ მოტივაციაზე.
ფორუმი