1 ნოემბრის ღამით ნიჟნი ნოვგოროდი უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული თავდასხმის სამიზნე გახდა. გუბერნატორ გლებ ნიკიტინის განცხადებით, ღამისა და დილის განმავლობაში რეგიონის თავზე 100-ზე მეტი დრონი განადგურდა. გუბერნატორის ცნობით, მნიშვნელოვანი დაზიანება მიადგა სამრეწველო საწარმოს კსტოვოში. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.
ნიკიტინს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელ საწარმოზე განხორციელდა დარტყმა. ASTRA-სა და უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, შეტევის სამიზნე კსტოვოში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინთეზი“ გახდა. გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში მასშტაბური ხანძარი ჩანს. ტელეგრამ-არხი Exilenova+ ვარაუდობს, რომ ხანძარი ნავთობის პირველადი გადამუშავების ან მაზუთის გადამუშავების დანადგარების მიდამოში გაჩნდა.
ნიჟნი ნოვგოროდის მერმა იური შალაბაევმა განაცხადა, რომ კსტოვოს რაიონში ასევე დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურა. ზოგიერთ უბანში შესაძლებელია ელექტროენერგიის, ცხელი წყლისა და გათბობის გათიშვა. საცხოვრებელი შენობების დაზიანების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის სამიზნე ადრეც გამხდარა. ოქტომბრის ბოლოს, ერთ-ერთი იერიშის მოგერიებისას სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურის ობიექტები. 9 ოქტომბრის შეტევის დროს კი ქვედანაყოფ „BARS-NN“-ის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
თავდასხმა განხორციელდა იმ ცნობების ფონზე, რომელთა თანახმადაც, ვაშინგტონი კიევზე ზეწოლას ახდენდა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტის მოთხოვნით. 29 ოქტომბერს, გამოცემა The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ უკრაინამ მსგავსი იერიშები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემდეგ შეაჩერა. ამასობაში, 30 ოქტომბრის ღამეს, დრონებმა თავს დაესხნენ სამარის რეგიონში მდებარე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან არ მიაყენონ დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს, თუ რუსული არმია შეწყვეტს უკრაინული ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
- რუსეთს პრობლემებს უქმნის თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევები ნავთობის საცავებზე, პორტების ტერმინალებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებსა და სხვა ობიექტებზე.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.
ფორუმი