Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის პოლიციამ რეიდი ჩაატარა რუსეთთან დაკავშირებულ გემზე

შვედეთის კუნძული გოტლანდი
შვედეთის კუნძული გოტლანდი

შვედეთის პოლიციამ 31 ოქტომბრის ღამეს ბალტიის ზღვაში, კუნძულ გოტლანდის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ოპერაცია ჩაატარა მშრალტვირთიან გემზე. ხომალდი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც ადრე ეჭვმიტანილი იყო რუსეთის სადაზვერვო და ჰიბრიდულ ოპერაციებში მონაწილეობაში, იუწყება TV4 Nyheterna. კომპანიის სახელწოდება შეტყობინებაში მითითებული არ არის.

ოპერაციაში მონაწილეობდა შვედეთის პოლიციის ეროვნული ოპერატიული ქვედანაყოფი. სტოკჰოლმის რეგიონის პოლიციაში განაცხადეს, რომ სამართალდამცველები გემზე ავიდნენ ეკიპაჟისა და სამგზავრო დოკუმენტების შესამოწმებლად.

სანაოსნო კომპანიას კალინინგრადში აქვს ოფისები და, საკუთარი მონაცემებით, ეკიპაჟის წევრებს იქვე აგროვებს. TV4 Nyheterna ამტკიცებს, რომ შემოწმებულ სატვირთო გემზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თუმცა პოლიციაში მოქალაქეობა არ დაუზუსტებიათ.

მანამდე ამ კომპანიის გემები უკვე შეამოწმეს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უცნობი უპილოტო აპარატების გამოჩენასთან დაკავშირებით. საზღვაო მონიტორინგის მონაცემებით, ზოგიერთი ხომალდი იმ რაიონებში იმყოფებოდა, სადაც დაახლოებით იმავე დროს დაფიქსირდა დრონების ფრენა. გაჩნდა ეჭვები, რომ ისინი შესაძლოა რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესებისთვის გამოიყენეს დრონების გასაშვებად.

როგორც TV4 Nyheterna იუწყება, ევროპული სადაზვერვო სამსახურები სრულიად სავარაუდოდ მიიჩნევენ, რომ კომპანიის გემები რუსეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქმედებენ.

TV4-ის ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ სატვირთო გემმა სადგომი ადგილი დატოვა და გოტლანდის სანაპიროს გასწვრივ სამხრეთისკენ გაემართა.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG