Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში უდიდესმა კრიპტობირჟა Binance-მა მუშაობა განაახლა ჰაკერული იერიშის შემდეგ

მსოფლიოს უდიდესმა კრიპტოვალუტის ბირჟამ Binance-მა ჰაკერული იერიშის შემდეგ სრულად აღადგინა სახსრების გატანის შესაძლებლობა. კიბერთავდასხმის შედეგად ბირჟიდან დაახლოებით 6,3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები მოიპარეს. კომპანიამ განაცხადა, რომ ზარალი სრულად დაფარა საკუთარი სახსრებისა და რეზერვების ხარჯზე.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მომხდარზე პასუხისმგებლობა დააკისრა ჩრდილოკორეულ ჰაკერულ დაჯგუფება TraderTraitor-ს. უწყების ცნობით, მოპარული აქტივები ძირითადად Ethereum-ის კრიპტოვალუტაში გადაჰყავთ, რის შემდეგაც შესაძლებელია მათი გათეთრება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სერვისებისა და კრიპტოვალუტის მყისიერი გაცვლის პლატფორმების გამოყენებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობის შესახებ საბოლოო მტკიცებულებები ჯერ არ მოეპოვება.

„ამას ვარკვევთ. არ ვიცით, არის თუ არა ეს ჩრდილოეთი კორეა, მაგრამ თუ მართლაც ისაა, ჩვენ მას ამაზე დაველაპარაკებით“, - განაცხადა ტრამპმა.

კიბერშეტევა 29-30 ოქტომბრის ღამეს განხორციელდა. Binance-ის შიდა გამოძიების წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებმა კომპანიის ერთ-ერთი ინჟინრის პირად ლეპტოპზე მოიპოვეს წვდომა, ხოლო მისი გავლით - სამსახურებრივ სისტემაზეც, რომელიც ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა. ბირჟამ ვერ აღმოაჩინა კრიპტოვალუტის საფულეების დახურული გასაღებების კომპრომეტირების რაიმე ნიშანი.

ანალიტიკური კომპანია TRM Labs-ის შეფასებით, თავდასხმისთვის მზადება ქურდობამდე მინიმუმ 36 საათით ადრე დაიწყო. ჰაკერებმა მექანიზმი შეამოწმეს ათი ბლოკჩეინის გავლით მცირე გადარიცხვებით, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი დაახლოებით 20 წუთში გაიტანეს.

Binance-მა პარტნიორებთან ერთად დაახლოებით სამი მილიარდი დოლარის ღირებულების მოპარული აქტივების გაყინვა შეძლო. ამავე დროს, თანხების გაყინვა არ ნიშნავს მათ ფაქტობრივ დაბრუნებას. კომპანიამ ზარალის საკომპენსაციოდ გამოიყენა მომხმარებელთა დაცვის სარეზერვო ფონდი (SAFU), სადაზღვევო ფონდი და საკუთარი აქტივები.

31 ოქტომბერს Binance-მა ზარალის დაახლოებით 90%-ის დაფარვის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით კომპანიამ დაკარგული სახსრების სრულად აღდგენა დაადასტურა. უსაფრთხოების დამატებითი შემოწმებების გავლის შემდეგ კრიპტოვალუტის გატანის პროცესი ეტაპობრივად განახლდა.

აღნიშნულ დაჯგუფება TraderTraitor-ს კრიპტოვალუტის სხვა მსხვილ ქურდობებთანაც აკავშირებდნენ. კერძოდ, მას აბრალებენ Bybit-ის ბირჟის გატეხვას, რის შედეგადაც 2025 წელს დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის აქტივები მოიპარეს, აგრეთვე 620 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის ქურდობას 2022 წელს.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG