2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებული ნანა სანდერი საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს. დღეს, 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ძალაში დარჩა საქმეზე მსჯავრდადებულების, მარიამ მეყანწიშვილისა და აბო ნავერიანისთვის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენი.
აბო ნავერიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მარიამ მეყანწიშვილს კი - 5000-ლარიანი ჯარიმა.
როგორც მანამდე ნანა სანდერის ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ თქვა, ნანა სანდერი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს. საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველიც სწორედ ეს აღიარება გახდა.
რისთვის იხდის სასჯელს ნანა სანდერი?
2026 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნანა სანდერი 2025 წლის 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ცნო დამნაშავედ და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხელისუფლება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულებს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს. ამ შეთავაზებით უკვე არაერთმა პატიმარმა ისარგებლა - შედეგად, მათ პატიმრობის ვადა შეუმცირეს ან გაათავისუფლეს.
სანდერი სასამართლო პროცესების განმავლობაშიც აცხადებდა, რომ პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.
ნანა სანდერი 16 წლის განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთო.
რაც შეეხება ამავე საქმეზე სხვა მსჯავრდადებულებს
აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია.
აბო ნავერიანს 5 წელი მიესაჯა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობისთვის.
ამავე მუხლით დამნაშავედ ცნეს ანტონ უპერი და მასაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის ძებნაში იმყოფება.
მარიამ მეყანწიშვილს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს, მას ყველაზე მსუბუქი მუხლით ედავებოდნენ - ბრალად ედებოდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება.
„4 ოქტომბრის აქციის“ საქმე სააპელაციოში
4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის საქმეზე მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აფორმებს. საპროცესო გაუფორმეს მსჯავრდადებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სასჯელის მოხდას პირობითი მსჯავრის ქვეშ გააგრძელებს.
საპროცესო გაუფორმეს ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. მათ ციხე 8 ოქტომბერს დატოვეს.
19 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი ზურაბ ჭავჭანიძე - "ბათუმელი მედროშე".
დღევანდელ, 2 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა და ორ მსჯავრდადებულთან დაკავშირებით იშუამდგომლა საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
როგორც საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ თქვა, საუბარია ანტონ ვარდანიძესა და ზურაბ ჭავჭანიძეზე, "ხვალ სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს".
პოლიტიკოსების ჩათვლით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს. საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 23 დაკავებული [გიორგი ჩახუნაშვილის ჩათვლით].
პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს. ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ფორუმი