ვრცელი კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების ნაცვლად, კენჭისყრის შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემებზე დაყრდნობით შეაჯამოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
ახალი კანონპროექტი
პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, კანონპროექტი 28 ოქტომბერს წარადგინეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა.
ესენი იყვნენ ნოდარ ტურძელაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი შატაკიშვილი.
16-გვერდიანი კანონპროექტით არაერთი საკითხი წესრიგდება განსხვავებულად.
მაგალითად, ყველა ტიპის არჩევნების შეჯამება 15 დღეში უნდა დასრულდეს, - აქამდე ზოგიერთი არჩევნების შეჯამების ვადა 26 დღემდე იყო განსაზღვრული.
„დგინდება, რომ როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენა განხორციელდება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს“, - წერენ ავტორები განმარტებით ბარათში.
შეჯამება ცესკოს მიერ - და არა საოლქო კომისიებში
განმარტებითი ბარათის თანახმადვე, „არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენას განახორციელებს ცესკო“ - ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისია.
არსებობს სამი დონის საარჩევნო კომისია:
- საუბნო - რომელიც ფუნქციონირებს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე;
- საოლქო - რომელიც თავს უყრიდა და აჯამებდა საუბნო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს;
- ცენტრალური - რომელიც ორი დონის კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს აჯამებდა.
ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ცესკო არჩევნებს შეაჯამებს „საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით“.
რა იცვლება - სიტყვასიტყვით
კანონის ამ პუნქტის (მე-17 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის) ახლანდელი რედაქცია ასეთია:
ცესკო „საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს ... არჩევნების ... შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი“.
ცვლილებების მიღების შემდეგ კი იგივე პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება:
ცესკო „საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით აჯამებს ... არჩევნების ... შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი“.
იცვლება საჩივრების საკითხიც
გასაჩივრების წესებს ახალი პუნქტი ემატება. ამას კანონის 93-ე მუხლი აწესრიგებს.
კანონში ჩაიწერება, რომ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება;
- ასევე არ არის ან არასრულად ან შეცდომით არის ასახული, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით, სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები“.
იქვე დაზუსტებულია, რომ „ამ პუნქტის მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება“.
ხოლო „სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ ამ პუნქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, „ეს ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს“:
„შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგებს აჯამებს და თუ მისი გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური საფუძვლით იქნება შესაძლებელი, გასაჩივრების გარეშე დარჩება არსებითი დარღვევები“, - წერს იგი.
„მაგალითად, ეს წესი 2024 წლის არჩევნების დროს რომ ყოფილიყო, ფორმალურადაც ვერ გასაჩივრდებოდა ფარულობის დარღვევა და თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტიც არ იარსებებდა“, - აცხადებს ქურდოვანიძე.
ფორუმი