Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში იძიებენ ეროვნული გვარდიის ერთ-ერთ პუნქტთან მომხდარ დაპირისპირებას

2 ნოემბერს ინციდენტის რაიონში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი
2 ნოემბერს ინციდენტის რაიონში ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი წარმოება კიევის ოლქში მომხდარი დაპირისპირების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში მიიჩნევენ, რომ ეს პროვოკაცია იყო.

საგამოძიებო ბიუროს მიერ 3 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საქმე აღძრულია თანამდებობის პირი სამხედროს მიერ ძალაუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. თუმცა გამომძიებლები მხოლოდ სამხედროების ქმედებებს არ იკვლევენ.

რა მოხდა კიევის ოლქში

2 ნოემბერს კიევის ოლქის სოფელ პეტროპავლივსკი ბორშჩაგივციში ერთ-ერთ სახლთან შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე აცხადებდნენ, რომ სახლში იმყოფებიან დაკავებულები, რომლებსაც აწამებენ.

აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დააზიანეს პოლიციის ავტოტრანსპორტი. ალყაში მოაქციეს სამხედროების ავტობუსი.

ადგილზე მივიდნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი და ეროვნული გვარდიის მეთაური ოლექსანდრ პივნენკო.

მომხდარი აქტიურად გამოიყენა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ.

უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ განაცხადა, რომ სახლი გამოყენებული იყო პირველი კორპუსის, „აზოვის“ სამხედრო მოსამსახურეთა დროებითი განთავსების პუნქტად. „აზოვის“ თანახმად, დისლოკაციის ამ პუნქტში იმყოფებოდნენ მობილიზებულები და სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო ნაწილების თვითნებურად დატოვების შემდეგ დააკავეს და შემდგომი სამსახურისთვის განაწილებას ელოდებოდნენ.

დაპირისპირებას წინ უძღოდა კიევის ოლქის პოლიციაში კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებისგან შესული შეტყობინება, რომ არ უშვებენ ადამიანთან, რომელსაც დახმარება სჭირდება.

უკრაინული მედიის ცნობით, სამხედროების „უკანონოდ“ დაკავების შესახებ ცნობები გაავრცელა ქალმა, რომელმაც თავი წარმოადგინა ვალენტინად, კომპანია „მედ-პრესტიჟის“ მფლობელად. ეს კერძო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურია. მისმა ფაქტობრივმა მფლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტის ადგილზე მყოფი ავტომანქანა 2024 წელს გაყიდა. გამოცემა Слідство.Інфо-ს თანახმად, მან დაადგინა, რომ ეს ქალი პლასტიკური ქირურგიის კლინიკის მფლობელი ვალენტინა მოლოდაიაა.

რას იკვლევენ გამომძიებლები

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ გამომძიებლები შეამოწმებენ მომხდართან კავშირის მქონე ყველა პირის მოქმედების კანონიერებას, დაადგენენ სახლში სამხედროთა ყოფნის გარემოებებს და პირობებს, შეამოწმებენ ცნობებს მათი იძულების შესახებ და გაარკვევენ კონფლიქტის მიზეზებსა და მსვლელობას.

საგამოძიებო ბიუროს თანახმად, მომხდარის გამო ვრცელდება ბევრი, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი ვერსია და მათი ნაწილი ამჟამად არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ამიტომ აუცილებელია ყველაფრის დეტალურად შემოწმება და რეალური ინფორმაციის გამიჯვნა ვარაუდებისა და გადაუმოწმებელი ცნობებისგან.

ზელენსკის ოფისის რეაქცია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ 2 ნოემბერს განვითარებული მოვლენები დაუშვებელია და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას, განსაკუთრებით რუსული საფრთხის წინაშე.

ბუდანოვის თანახმად, ძალოვან ბლოკთან მუშავდება საჭირო გადაწყვეტილებები ადეკვატური რეაგირებისა და პროვოკაციების აღსაკვეთად, კონკრეტული პირები და ინიციატორები გამოვლენილი იქნებიან და დაისჯებიან. ბუდანოვს ეჭვი არ ეპარება, რომ მოვლენები მართული იყო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ქვეყნის მთავარი საყრდენი თავდაცვის ძალებია.

3 ნოემბერს კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდამჭერი აქცია. მონაწილეთა შორის იყვნენ დაღუპული სამხედროების ნათესავები და ტყვეობიდან გათავისუფლებული მეომრები.

უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდამჭერი აქცია კიევის ცენტრში. 2026 წლის 3 ნოემბერი
უკრაინის თავდაცვის ძალების მხარდამჭერი აქცია კიევის ცენტრში. 2026 წლის 3 ნოემბერი



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG