Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიამ განაახლა რეჟისორ პიერ პაზოლინის მკვლელობის გამოძიება

პიერ პაოლო პაზოლინი, პოეტი და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი კინორეჟისორი, 1975 წლის 2 ნოემბრის ღამეს მოკლეს.
პიერ პაოლო პაზოლინი, პოეტი და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი კინორეჟისორი, 1975 წლის 2 ნოემბრის ღამეს მოკლეს.

იტალიის პროკურატურამ კინორეჟისორ პიერ პაოლო პაზოლინის მკვლელობის გამოძიება, მისი გარდაცვალებიდან 51 წლის შემდეგ, განაახლა.

ადვოკატმა სტეფანო მაჩონიმ წარმოადგინა აქამდე უცნობი საარქივო კადრები და სხვა მტკიცებულებები, რომლებმაც შესაძლოა ნათელი მოჰფინოს კინორეჟისორის მკვლელობის გარემოებებს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ANSA. მაჩონიმ ასევე განაცხადა, რომ საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა.

„ჩვენ გვჯერა, რომ რომის პროკურატურა საბოლოოდ შეძლებს იმ პასუხების გაცემას, რომლებსაც ასე დიდხანს ველოდით“, - განაცხადა მაჩონიმ. - „ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველას, ვინც დუმდა იმის შესახებ, რაც იცოდა, გამოვიდნენ და ხმამაღლა ისაუბრონ“.

სტეფანო მაჩონიმ რამდენჯერმე სცადა გამოძიების ხელახლა განახლება - 2010, 2016 და 2023 წლებში - თუმცა პროკურატურა უარს ეუბნებოდა. 2023 წელს, მაფიოზური დაჯგუფება Magliana Gang-ის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ რეჟისორის მკვლელობა შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო პაზოლინის ფილმიდან „სალო, ან სოდომის 120 დღე“ ფრაგმენტების შემცველი ორიგინალური კინოფირის მოპარვასთან და რეჟისორის მიერ მისი დაბრუნების მცდელობასთან.

პიერ პაოლო პაზოლინი, პოეტი და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი კინორეჟისორი, 1975 წლის 2 ნოემბრის ღამეს მოკლეს. მისი ცხედარი, რომელსაც სასტიკი წამების კვალი აჩნდა, იტალიაში, ოსტიაში წყლის პირას იპოვეს.

მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს 17 წლის სექსმუშაკი, ჯუზეპე პელოზი (პაზოლინი ღიად ჰომოსექსუალი იყო). სასამართლო პროცესზე მან აღიარა დანაშაული და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2005 წელს მან განაცხადა, რომ მოიტყუა და რეჟისორი არ მოუკლავს. პელოზის თქმით, მკვლელები რამდენიმე იყვნენ და ისინი პაზოლინის თავს დაესხნენ ყვირილით: „წყეული კომუნისტი!“ (პაზოლინი იტალიის კომუნისტური პარტიის მიმართ კეთილგანწყობილი იყო).

სხვა ვერსიით, პაზოლინის შესაძლოა წვდომა ჰქონოდა ნავთობისა და გაზის კომპანია ENI-ს კომერციულ საიდუმლოებებზე. მას შემდეგ, რაც პელოზიმ აღიარებითი ჩვენება უკან წაიღო, გამოძიება ხელახლა გაიხსნა, თუმცა შედეგი არ გამოუღია.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG