Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ორი ძმის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით.

გამოძიების ინფორმაციით, 5 ნოემბერს ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ორი მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

მომხდარის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოკლულების ძმა, ელმან უსუფოვი ესაუბრა, რომელიც თავდასხმას გადაურჩა.

მისი თქმით, დაახლოებით 17:00 საათზე სამ ძმასა და მათ მეზობელს ფეხით გადაადგილებისას ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც სროლა დაიწყო. ელმან უსუფოვმა მანქანას შეაფარა თავი, მისი ორი ძმა კი ადგილზე დაიღუპა.

„ოთხნი ვიყავით - სამი ძმა და მეზობელი. უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია. ჩემი ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ. პოლიციამ უკვე გამომკითხა“, - განაცხადა ელმან უსუფოვმა.

გარდაცვლილების ძმა უარყოფს, რომ მათ წარსულში კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა ნათესავები მკვლელობის შესაძლო მოტივად რამდენიმე წლის წინ მომხდარ შემთხვევას ასახელებენ.

მათი ვერსიით, ბრალდებულის ძმამ უსუფოვების დისშვილი მოიტაცა, თუმცა ოჯახმა გოგონა უკან დააბრუნა. ნათესავების თქმით, ამის შემდეგ სავარაუდო გამტაცებელი ქვეყნიდან წავიდა და მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამ ვერსიის კავშირი მკვლელობასთან ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით - დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG