მე-9 კლასის მოსწავლის მშობელი და ამავდროულად სამეურვეო საბჭოს წევრი, ნონა ცაბაძე ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სკოლის შესახებ დასკვნა მოულოდნელად მიიღეს. მასში წერია, რომ შენობა მეოთხე კატეგორიის ავარიულია ანუ გამაგრებას არ ექვემდებარება:
„ვიცით, რომ ავარიულია შენობა და მიდის განხილვა, რა შეიძლება გაკეთდეს. ბოლო ინფორმაცია იყო, რომ სექტემბრიდან ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში უნდა გადავსულიყავით... მოულოდნელად მოვიდა სამხარაულიდან დასკვნა და ორშაბათიდან სკოლაში ვერ შეგიშვებთო...“
მშობლებისთვის მიუღებელია განათლების სამინისტროს სამივე შეთავაზება:
- ონლაინ სწავლება;
- 51-ე სკოლასთან შერწყმა, მეორე ცვლაში სწავლება;
- ჰიბრიდული სწავლება.
„მოვითხოვთ, სანამ მოიძებნება ალტერნატიული ფართი, სადაც ბავშვები შეძლებენ დილის საათებში შეუფერხებლად სწავლას და კლუბები, დავრჩეთ ამ სკოლაში... პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. აქვე გვაქვს მთავრობის კანცელარია, უცებ გადავინაცვლებთ იქ“, - ამბობს ის.
სკოლის დირექტორმა მედიასთან საუბარი არ ისურვა. სკოლასთან შეკრებილი მშობლები კი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეგიონული მართვის სამმართველოს უფროსმა თამარ მენაფირემ დირექტორთან შეხვედრა დაასრულა
„სამუშაო პროცესია, სკოლასთან გვექნება დამატებითი კომუნიკაცია და სასკოლო საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას... მეტს ვერაფერს გეტყვით“, - თქვა თამარ მენაფირემ.
სკოლა განათლების სამინისტროსგან პასუხს კვირა დღის ბოლომდე ელოდება.
საქართველოში არაერთი სკოლაა, რომელშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, შემდეგ კი მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ იქ საგანმანათლებლო პროცესი ვერ გაგრძელდებოდა. რადიო თავისუფლებამ ასეთი 10-ზე მეტი სკოლა დათვალა.
ერთ-ერთი ასეთი სკოლა იყო თბილისში მდებარე 21-ე საჯარო სკოლა.
ფორუმი