ხან ჭენგს, რომელიც თბილისში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ვიზიტი მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, განიხილონ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. დაგეგმილია შეხვედრა ბიზნესსაზოგადოებასთანაც.
შეხვედრა მიხეილ ყაველაშვილთან
6 ნოემბერს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ჩინური ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარებას, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, თბილისსა და შანხაის შორის კავშირების გაღრმავებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმის, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.
ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს გააცნო საქართველოს ინიციატივა, 2027 წელს თბილისში მშვიდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გლობალური სამიტის გამართვის შესახებ და ჩინეთის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.
შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.
„ჩინეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მოხარული ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა, მზარდი მაჩვენებლები. მოხარული ვართ, რომ მიმდინარე წლის მონაცემებით ჩინეთი იქცა საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად, რაც ადასტურებს ჩინური მხარის მყარ ნდობას საქართველოში ეკონომიკური გარემოს მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
6-8 ნოემბერს დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ჩინეთის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზეც უმასპინძლებს.
საქართველოში ვიზიტის შემდეგ ხან ჭენგი თურქეთში გაემგზავრება, სადაც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში, 11-12 ნოემბერს დაგეგმილ ანტალიის ლიდერთა სამიტში.
სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა.
2023 წლის ივლისში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, თბილისმა და პეკინმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. ერთობლივი განცხადება პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად ითვალისწინებდა კავშირების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.
2023 წლის სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა, ხოლო 2024 წლის მაისიდან ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შემოიღო.
2026 წლის ივნისში თბილისმა და პეკინმა ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე აიყვანეს.
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება მიმდინარეობს საქართველოს ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე.
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გამო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. მოგვიანებით, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა.
გაუარესდა ურთიერთობები შეერთებულ შტატებთანაც. 2024 წლის 30 ნოემბერს ვაშინგტონმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას დაუკავშირა.
ფორუმი