არც ნეთანიაჰუს, ისრაელის ყველაზე ხანგრძლივი
ვადით მოქმედ პრემიერმინისტრს, და არც ოპოზიციის ლიდერ გადი აიზენკოტს 27 ოქტომბრის არჩევნებში უმრავლესობა არ მოუპოვებიათ.
აიზენკოტმა განაცხადა, რომ მოელის, რომ პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი, რომელიც ამ კვირაში პარტიის ლიდერებს შეხვდა, მას გადასცემს მთავრობის ფორმირების მანდატს.
„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესსა და გარღვევებს, ჩუმად და თავმდაბლად, ხოლო ბევრი რამ კვლავ კულისებს მიღმა ხდება“, — დაწერა ეიზენკოტმა X-ზე.
იაირ გოლანმა, ისრაელის მთავარმა მემარცხენე ლიდერმა და ოპოზიციური ბლოკის წევრმა, ასევე მიუთითა პროგრესზე და თქვა: „უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე ოთხშაბათ დილას ვიყავი, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ“.
აიზენკოტს, ყოფილ სამხედრო სარდალს, რომლის კამპანიაც სეკულარულ და ლიბერალ ისრაელელებზე იყო გათვლილი, შეეძლო მთავრობა ისრაელელ არაბებთან ერთად შეექმნა, რომელთა მანდატების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა ნეთანიაჰუს უკიდურესად მემარჯვენე მთავრობისადმი უკმაყოფილების ფონზე.
თუმცა ისრაელელ არაბებთან ალიანსი მკვეთრ წინააღმდეგობას აწყდება ოპოზიციონერი პარტნიორის, ავინგდორ ლიბერმანის მხრიდან, რომელიც ოდესღაც ნეთანიაჰუს თანაშემწე იყო, ახლა კი მკვეთრად აკრიტიკებს პრემიერმინისტრს, თუმცა იზიარებს მის მძაფრ პოზიციას პალესტინელების მიმართ.
ლიბერმანმა პარასკევს განაცხადა, რომ არ დაიხევდა უკან ისრაელელ არაბებთან თანამშრომლობაზე უარის თქმიდან, თუმცა მოწოდება გამოთქვა მოლაპარაკებებისკენ ულტრაორთოდოქს ებრაელებთან, მიუხედავად იმისა, რომ მისი საარჩევნო კამპანია ეფუძნებოდა დაპირებებს ისრაელის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან მათი გათავისუფლების დასრულების შესახებ.
„ეს მაწუხებს და ვიცი, რომ ბევრ სხვა ადამიანსაც აწუხებს. მაგრამ დღეს ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევების სრული სპექტრის გათვალისწინებით, ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის ეროვნულმა ინტერესებმა პირველი ადგილი უნდა დაიკავოს ყველა სხვა მოსაზრებასთან შედარებით“, - თქვა ლიბერმანმა.
ულტრაორთოდოქსი ებრაელების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება უკმაყოფილებას იწვევს ისრაელის საზოგადოებაში.
ნეთანიაჰუ, თუმცა პირადად სეკულარულია, დიდხანს ეყრდნობოდა ულტრაორთოდოქსებს და ეთანხმებოდა იმას, რომ ამ თემს — რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 14 პროცენტს შეადგენს და შობადობის საშუალოზე ბევრად მაღალი მაჩვენებელი აქვს, შეუძლია შვილები რელიგიურ სკოლებში გააგზავნოს და არა არმიაში.
თუმცა მან ვერ მოახერხა სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების კანონით განმტკიცება, რამაც გააბრაზა ორი მთავარი ულტრაორთოდოქსული პარტია, რომლებმაც დატოვეს მისი მთავრობა, თუმცა არ ცდილან მის გადაყენებას.
ლიბერმანმა კამპანიის დროს გამოაკრა პლაკატები, რომლებშიც პირობას დებდა, რომ შეებრძოლებოდა მათ, ვინც ჯარს თავს არიდებს.
მისმა პარტიამ „ისრაელი ჩვენი სახლია“ მოიპოვა შვიდი ადგილი, ყველაზე ცოტა ოპოზიციის ხუთ ძირითად პარტიას შორის. ნაფტალი ბენეტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ასევე აქტიურად აწარმოებდა კამპანიას სამხედრო შეღავათის დასრულების დაპირებებით და კომენტარი არ გაუკეთებია ლიბერმანის პოზიციის მკვეთრ შეცვლაზე.
აეიზენკოტმა შაბათის დადგომამდე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერთგული რჩება „საყოველთაო სავალდებულო სამსახურის“, თუმცა ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სამუშაო, რაც იძლევა ულტრაორთოდოქსების ინტეგრირების გზას.
ყოფილმა გენერალმა მოუწოდა პარტიებს, შეუერთდნენ მას „ახლა ან უფრო გვიან ეტაპზე.” მან მიანიშნა, რომ მას შეეძლო ჯერ უმცირესობის მთავრობა შეექმნა, რომელსაც მხარს დაუჭერდნენ ის კანონმდებლები, რომლებიც თავდაპირველად არ შეუერთდებოდნენ მას.
აიზენკოტმა განაცხადა, რომ ცვლილება გადაუდებელი იყო და მიანიშნა სპეკულაციებზე იმის შესახებ, რომ ნეთანიაჰუმ შესაძლოა მალე განაახლოს ომი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, არჩევნებში ორივე ლიდერის არჩევნებში მარცხის მიუხედავად.
„მოქმედი მთავრობა ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის ისრაელის დემოკრატიის არსებობას. ეს არ არის გადაჭარბება. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ომის ფრონტები ღია რჩება და ექვემდებარება პოლიტიკურ და პირად კაპრიზებს“, - თქვა მან.
ფორუმი