ერდოანი ყარაბაღში კვირა დილას გაემგზავრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მოწვევით. ერდოანი ბაქოში სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან გაემგზავრა.
თურქეთის პრეზიდენტი ყარაბაღს სტუმრობს ქვეყნის „გამარჯვების დღის“ – რასაც ოფიციალური ბაქო ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების შემდეგ აღნიშნავს.
თურქეთის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას ფუზულის აეროპორტში დახვდნენ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ილჰამ და მეჰრიბან ალიევები.
- 2020 წელს აზერბაიჯანმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლს დაუბრუნდა შვიდი რაიონი და ყარაბაღის ნაწილი.
- 2023 წლის ბოლოსთვის კი ბაქომ ფაქტობრივად დაამყარა კონტროლი რეგიონის მთელს ტერიტორიაზე.
დელეგაციის წევრები
პრეზიდენტს, პირველი ლედის, ემინე ერდოანის გარდა თან ახლავს:
- საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი,
- სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი იბრაჰიმ იუმაკლი,
- ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი,
- კომუნიკაციების დირექტორი ბურჰანეთინ დურანი
- საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი აკიფ ჩაღათაი კილიჩი.
ამ დღეს ალიევმა ერდოანს გასულ, 2025 წელსაც უმასპინძლა. თუმცა ამჟამად კონტექსტი განსხვავებულია.
თურქეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოაანის აზერბაიჯანში ვიზიტს წინ უძღოდა ბოლო კვირების განმავლობაში ორ ტრადიციულ მოკავშირეს შორის გამწვავებული უთანხმოება.
დაპირისპირების მიზეზი ბაქოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლებში ჰიჯაბის (კანონის ენაზე, „არასეკულარული ელემენტების“) ტარება აიკრძალა – როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლებისთვის.
აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ირანსა და თურქეთში კრიტიკა მოჰყვა.
ერდოღანის მრჩეველმა, ოქტაი სარალმა, 13 ოქტომბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რწმენის გამო თავსაბურავის მქონე მოსწავლის სკოლაში არშეშვება სინდისისა და სამართლიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მან ბაქოს გადაწყვეტილების გაუქმებისკენაც მოუწოდა.
ერდოანმა მრჩეველი დაითხოვა
სარალის განცხადებას აზერბაიჯანში მწვავე რეაქცია მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, ილჰამ ალიევის „ახალმა აზერბაიჯანმა“, თურქი მაღალჩინოსნის კრიტიკა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა და გააფრთხილა, რომ მსგავსი განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებდა.
დაძაბულობის განმუხტვის მცდელობის ფონზე, 26 ოქტომბერს, ერდოანმა სარალი მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თუმცა უთანხმოება ამით არ დასრულებულა.
30 ოქტომბერს ანკარაში გამართულ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ დასწრებიან, მიუხედავად ერდოღანის პირადი მოწვევისა. სამიტზე აზერბაიჯანს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი წარმოადგენდა.
ერდოღანმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული „ძმური კავშირი ნებისმიერ დაბრკოლებას გაუძლებს“.
ფორუმი