Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს გადატრიალა აღკვეთა - შოიგუ

სერგეი შოიგუ 1994–2012 წლებში რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი იყო, 2012–2024 წლებში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2024 წლიდან კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანია.
სერგეი შოიგუ 1994–2012 წლებში რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი იყო, 2012–2024 წლებში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2024 წლიდან კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანია.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პროდასავლური ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აირჩია.

შოიგუმ ამის შესახებ 9 ნოემბერს მოსკოვში, დსთ-ის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა.

საქართველოს ოპოზიციის და დასავლეთის კრიტიკითა, ასევე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე მითითებით განცხადებებს ხშირად აკეთებენ როგორც „ქართული ოცნების“, ისე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამავე შეხვედრაზე შოიგუმ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრა.

„მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა შოიგუმ.

მან ასევე მხარი დაუჭირა „3+3“ ფორმატის გააქტიურებას, რომელშიც ამ ეტაპზე რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი შედიან.

„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, „3+3-ის" მუშაობის განახლება“, - დასძინა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

რუსეთის არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ „3+3“ ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან, ამ პლატფორმის სახელით გამართულ საექსპერტო შეხვედრებს ქართველი ექსპერტები უკვე ორჯერ დაესწრნენ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG