Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გეოგრაფიის თვალსაზრისით" უკრაინა „უკვე სხვა ქვეყანაა" - პესკოვი

ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პრესმდივან დმიტრი პესკოვთან(მარცხნივ) ერთად.
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პრესმდივან დმიტრი პესკოვთან(მარცხნივ) ერთად.

კრემლი ჟურნალისტებს ურჩევს, აშშ-ის პრეზიდენტისკენ მიმართონ შეკითხვები მის განცხადებაზე, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებული შეთანხმების შემდეგ უკრაინას „ცოტა განსხვავებული ფორმა" ექნება.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ნოემბერს ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ახლოს არიან შეთანხმებასთან რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად და საბოლოოდ უკრაინას „ცოტა განსხვავებული ფორმა" ექნება.
  • ტრამპმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა განსხვავებულ ფორმაში, უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას, თუ რაიმე სხვას.

„გეოგრაფიის თვალსაზრისით ეს უკვე სხვა ქვეყანაა"

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, 9 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ტრამპის სიტყვებში. პესკოვმა უპასუხა, რომ მისი რეკომენდციაა, ამ შეკითხვებით პრეზიდენტ ტრამპს მიმართონ:

„რაც შეეხება უკრაინის ფორმას, გეოგრაფიის თვალსაზრისით ეს უკვე სხვა ქვეყანაა. მიწაზე რეალიები აშკარაა და ამას ვერავინ უარყოფს“.

პესკოვი „რეალიებში” გულისხმობდა იმას, რომ 2014 წლიდან რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული, ხოლო 2022 წლის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ - უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები, რომლებსაც მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს.

საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს და უკრაინის ოთხ რეგიონს რუსეთის ნაწილად არ აღიარებს.

CBS News-თან ტრამპის ინტერვიუ წინ უძღვის აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას.

უკრაინის ხელისუფლებას აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში დაგეგმილია აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით სამმხრივი მოლაპარაკებები 2026 წლის იანვარში დაიწყო.
  • იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. პროცესი შეჩერდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყების (თებერვლის ბოლო) შემდეგ.
  • უმთავრესი, რასაც რუსეთი მოითხოვს, დონბასზე მისი კონტროლის აღიარებაა. დღემდე უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი ტერიტორიების ნებით დათმობას არ აპირებს.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG