Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ციფრული ლარის საყოველთაოდ გამოშვებას არ ვგეგმავთ

ნათია თურნავა: „ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც, საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას...“
ნათია თურნავა: „ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც, საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას...“

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკი „ამ ეტაპზე და მომდევნო წლებში“ არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებასა და დანერგვას და ის „ნაღდ ფულს არ ჩაანაცვლებს“.

2026 წლის 9 ნოემბერს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, – სადაც 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს განიხილავდა, – დეპუტატების შეკითხვაზე პასუხად ნათია თურნავამ განაცხადა:

  • „ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც, საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებასა და შემოღებას;
  • განსაკუთრებით, არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის, ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართო შემოღება;
  • ამასთან, ციფრული ლარი ნაღდ ფულს არ ჩაანაცვლებს და მისი არსებობა ნაღდ ფულთან ერთად იქნება შესაძლებელი“.

„არა ციფრულ ლარს“ – რეზონანსული პოსტები

სოციალურ ქსელებში შიგადაშიგ ჩნდება წინააღმდეგობა ციფრული ლარისადმი.

„არა ციფრულ ლარს! არა მონობას!“ – ამ შინაარსის სხვადასხვა დროს დაწერილ პოსტებსა თუ გამოქვეყნებულ ვიდეოებს ათასობით გაზიარება აქვს ხოლმე ფეისბუკზე.

ერთ-ერთი ასეთი პოსტი, დაწერილი 2026 წლის 8 ნოემბერს, 1600-ზე მეტი მოწონებით
ერთ-ერთი ასეთი პოსტი, დაწერილი 2026 წლის 8 ნოემბერს, 1600-ზე მეტი მოწონებით

მათ შორის, ამაზე საუბრობს სასულიერო პირების ნაწილიც.

2023 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა ააიპ „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებლის, ზვიად ტომარაძისა და 300-ზე მეტი მოქალაქის პეტიცია „ციფრული ლარის წინააღმდეგ“.

2026 წლის 16 ოქტომბერს - ციფრულ ლარზე კანონპროექტის მიღების შემდეგ - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ფეისბუკზე დაწერა:

  • „ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, მიუღებელია ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის, ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მისი თავისუფალი არჩევანის გაუქმების საფრთხეს შეიცავს“.
  • „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას“.

ნათია თურნავას მიერ პარლამენტში გაკეთებული განმარტების თანახმად, ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, ტექნოლოგიურად არ ჩამორჩეს „წამყვან ქვეყნებს“ და ციფრული ლარის შესაძლო გამოყენების შესწავლა „ეტაპობრივად, შეზღუდული საპილოტე პროექტების ფარგლებში განხორციელდება“.

მისი თქმითვე, ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (აბრევიატურით CBDC) განვითარებისა და ტესტირების პროექტები არსებობს „შვეიცარიაში, ევროზონაში, სინგაპურში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ინდოეთში, თურქეთში, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“.

რა არის ციფრული ლარი?

ეროვნული ციფრული ვალუტა იდეაა, რომლის რეალურად შექმნასა და განვითარებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან მუშაობს:

  • ციფრული ლარი, როცა ის შეიქმნება, ეროვნული ბანკის ციფრული ვალუტა გახდება;
  • ის კრიპტოვალუტის მსგავსი იქნება, თუმცა მთავარი განსხვავება ისაა, რომ ციფრულ ლარს ექსკლუზიურად შექმნის და გააკონტროლებს ცენტრალური ბანკი, მაშინ როცა ბაზარს კრიპტოვალუტებს კერძო ბიზნესი აწვდის;
  • ეროვნულ ციფრულ ვალუტას (CBDC) საერთაშორისო სავალუტო ფონდი განმარტავს, როგორც სუვერენული ვალუტის ციფრულ ფორმას, რომელსაც ქვეყნების ცენტრალური ბანკები უშვებენ.

საკანონმდებლო ცვლილებები და Tether-ი

2026 წლის 13 ოქტომბერს პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები, რითაც ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიენიჭა.

საბოლოო, მესამე მოსმენით კანონპროექტი 15 ოქტომბერს მიიღეს.

კანონის მიღების შემდეგ, 21 ოქტომბერს, სებმა განაცხადა, რომ ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება.

2026 წლის 25 მაისს თბილისში გლობალურმა კრიპტოკომპანიამ, Tether-მა სებისა და მთავრობის თანდასწრებით გაიმართა პრეზენტაცია, რომლითაც საქართველოში ქართული ლარის ციფრული ანალოგის, ლარის „სტეიბლკოინის“ (GELT) გამოშვება დააანონსეს.

  • „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური კომპანიების დაინტერესება, როგორიცაა Tether. მსგავსი ინვესტიციები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ციფრული ფინანსების განვითარების მიმართულებით მიმზიდველ და კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის“, - განაცხადა მაშინ ნათია თურნავამ.
  • „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ „ტეზერი“ ახლა უკვე ხდება ჩვენი ეკონომიკური ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილიც. ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი - GELt“, – განაცხადა პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

2026 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით ნათია თურნავამ განსაზღვრა „სტაბილური ვირტუალური აქტივების, მათ შორის ლარში ნომინირებული სტაბილკოინების, ემიტენტებისთვის ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნები“.

მანამდე, 2026 წლის 6 მარტს, სებმა მიიღო „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG