უკრაინის მომლაპარაკებელთა დელეგაცია აბუ-დაბიში გაემგზავრა, სადაც 10-11 ნოემბერს უკრაინა-აშშ-რუსეთის ჯგუფების მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.
„ჩვენი მიზანია ხანგრძლივვადიანი და მდგრადი მშვიდობა, უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის რეალური შესაძლებლობები“, - აცხადებს უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრი რუსტემ უმეროვი, რომელიც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელია.
მან 9 ნოემბერს დაწერა, რომ აბუ-დაბიში ევროპელები E4-ის - ოთხი ქვეყნის: გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ფორმატში იქნებიან წარმოდგენილი. აბუ-დაბიში ჩავლენ აგრეთვე ევროკომისიისა და ნატოს წარმომადგენლები.
უმეროვი აზუსტებს, რომ ევროპელ პარტნიორებთან უკრაინის დელეგაციას ექნება ცალკე საკოორდინაციო შეხვედრა:
“აუცილებელია შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, უზრუნველვყოთ პოზიციების შეჯერება და ერთმანეთს გავუზიაროთ მოლაპარაკებათა პროცესში შემდეგი ნაბიჯების შესახებ მოსაზრებები. როგორც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ არის განსაზღვრული, ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ ევროპა იყოს დიპლომატიური პროცესის ნაწილი“.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოლაპარაკებებისთვის ადგილის შეთავაზებისა და „განუხრელი მხარდაჭერისთვის“. რუსტემ უმეროვი მადლიერებას გამოხატავს ამერიკელი მომლაპარაკებლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მიმართ, „აქტიური ჩართულობისა და შეხვედრების მოსამზადებლად გაწეული სამუშაოსთვის“.
"ეს იქნება დიდი შეთანხმება და ის მოიცავს მეტს, ვიდრე უკრაინაა", - განაცხადა 6 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და დაამატა: "მან შეიძლება მთელი ევროპაც კი მოიცვას".
იმავე დღეს პრეზიდენტ ტრამპის მომლაპარაკებელმა ჯარედ კუშნერმა პლატფორმა X-ზე დაპოსტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აგრძელებს მოლაპარაკებებს ევროპის რამდენიმე ლიდერთან "ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურაზე, რაც დაეხმარებოდა ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის პირობების შექმნას".
კუშნერის სიტყვებით, აშშ-ის შუამავლების მიზანია ისეთი პრაქტიკული პროცესის შექმნა, რომელიც "უპასუხებს ყველა მხარის წუხილს, შეამცირებს მომავალი კონფლიქტის შესაძლებლობას და შექმნის უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოს".
ჯარედ კუშნერი ჩამოთვლის ხუთ "პრინციპულ" მიზანს:
- მუდმივი კონსულტაციები უსაფრთხოებაზე;
- კრიზისების დროს სანდო კომუნიკაცია;
- სამხედრო გამჭვირვალობის გაზრდა;
- ურთიერთზომები ესკალაციის საფრთხეების შესამცირებლად;
- გრძელვადიანი ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მდგრადი ჩარჩო.
იმავე პოსტში კუშნერი აღნიშნავს, რომ ნატოს კვლავაც ექნება ცენტრალური როლი ევროპის კოლექტიურ თავდაცვაში და ვაშინგტონის ახალი ინიციატივა დაეფუძნება "არსებულ ინსტიტუტებსა და ვალდებულებებს".
ფორუმი