რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი იობი: დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება

მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)
მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი აკრიტიკებს ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს, რომელთა „უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა“. მისი 10 ნოემბრის ქადაგება ეპარქიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის“, - თქვა მან და სასულიერო პირების კრიტიკით განაგრძო საუბარი.

„დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს?! - გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრავლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ, რომ გაჭირვება, ქადაგებ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ - აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“, - თქვა მან.

მისი თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, „რაში იხარჯება, რას ხმარდება თითოეული თეთრი.

სასულიერო პირების კრიტიკის შემდეგ ის ისევ დაუბრუნდა ხელისუფლებაზე საუბარს და გაიხსენა ე.წ. სუსის კრებსები, რომელთა შინაარსიც მათში ნახსენებმა არაერთმა ადამიანმა დაადასტურა:

„მე მახსენდება, სანამ „სუსის კრებსები“ გამოიცემოდა და გამომზეურდებოდა, ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული, რომ ლახვარი იყო ეკლესიაზე ჩაცემული, რომ ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, შეელახათ მისი იმიჯი. მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება მასაც შეცდომები ჰქონდეს. ამას მოჰყვა სწორედ „სუსის კრებსები“. ამან რა გამოიწვია?! ბევრი ხალხი დაბრკოლდა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული“.

ფაილები, რომლებიც, დიდი ალბათობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არის გაჟონილი 2021 წლის 12 სექტემბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.

ფაილები ათეულობით ადამიანის პირად საუბრებს აღწერს. მასში მეტწილად სასულიერო პირები ფიგურირებენ. მასში ნახსენებმა არაერთმა ადამიანმა საკუთარი კომუნიკაციის შინაარსი ამოიცნო.

საზოგადოებამ და მედიამ მას „სუსის კრებსები“ უწოდა.

​
XS
SM
MD
LG