როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს, 11 ნოემბერს, თქვა კალაძემ, "უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის". ამასთან, მისი სიტყვებით, "გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან". ამიტომ, კალაძის სიტყვებით, მუნიციპალიტეტს სურს, პრობლემა უმტკივნეულოდ გადაწყვიტოს და ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.
მუნიციპალურ ინსპექციას გარემოვაჭრეთა აღსაწერად კალაძემ ვადა დეკემბრის ბოლომდე დაუთქვა - "რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, - თქვა კახა კალაძემ.
უნებართვო გარევაჭრობა აკრძალულია
უნებართვო გარევაჭრობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სხვადასხვა სახის ჯარიმას, მათ შორის ქონების კონფისკაციასაც ითვალისწინებს.
მერია წლებია, ქალაქის ამა თუ იმ წერტილში გარემოვაჭრეების დახლებს შლის, რასაც ადგილზე დაპირისპირება და ხმაური მოსდევს ხოლმე.
მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში ყიდიან პროდუქტსა თუ ტანსაცმელს, ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა.
ფორუმი