საპატიმროს დეკემბერში დატოვებენ:
- დავით სტურუა,
- დავით ჟღენტი,
- კონსტანტინე კოკაია,
- კახაბერ მჟავანაძე.
საპროცესო შეთანხმების პირობა
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. პატიმრობის ვადა აითვლება დაკავების მომენტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
რაც შეეხება ამავე საქმეზე ძებნილ ია დარახველიძეს, რომელსაც დაუსწრებლად მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
„მშვიდობიანი დამხობის საქმე"
„მშვიდობიანი დამხობის საქმეზე“, საერთო ჯამში, აქციის 64 მონაწილე დააკავეს. ისინი ხუთ ჯგუფად დაჰყვეს, მათ საქმეებს ხუთი სხვადასხვა მოსამართლე განიხილავდა: თამარ მჭედლიშვილი, რომეო ტყეშელაშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, გიორგი გელაშვილი და თამარ მახარობლიძე.
ამ პროცესებზე პროკურორები 9 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ „4 ოქტომბრის აქცია“ საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით შეცვლის მცდელობა იყო, მას წინ დამხობისკენ მოწოდებები უძღოდა, არშემდგარ რევოლუციას კი ჰყავდა ორგანიზატორები.
ამ აქციაზე დაკავებულები სამი მუხლით გაასამართლეს:
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა;
- სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა;
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯაროდ მოწოდება.
64-ვე დემონსტრანტი დამნაშავედ ცნეს. სასჯელი სხვადასხვანაირი იყო - პატიმრობა, გირაო და საპროცესო შეთანხმებაც. მოსამართლეებს არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანიათ.
ამ საქმეზე დაკავებულების უმრავლესობამ საპროცესო შეთანხმებები გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მათი ხელმოწერაა დოკუმენტზე, სადაც წერია: „ვაღიარებ და ვინანიებ წარდგენილ ბრალს“.
დემონსტრაციის მონაწილეების, მათ შორის პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები გახდა.
იმ დღეს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის ღობის გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ფორუმი