კლუბები დღეს, 11 ნოემბერს, თბილისში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სასტვენის შემდეგ "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა ბურთი მსაჯს გადასცეს და მოედანი დატოვეს.
"ყოჩაღ, ლანჩხუთი!" - ისმის კლუბის წევრების მოქმედების მხარდამჭერი შეძახილი "პუბლიკის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "არანაირი ჩემპიონატი არ არის ადამიანის უსაფრთხოებასა და ღირსებაზე მნიშვნელოვანი!".
ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ეროვნული ლიგის ფარგლებში „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე პროტესტის ნიშნად უარი 29 სექტემბერსაც განაცხადა.
მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვეს. თამაშის დასაწყებად მსაჯის სასტვენის შემდეგ კი „ლანჩხუთის“ გუნდის კაპიტანმა ბურთი მოედნიდან გადააგდო, რის შემდეგაც თანაგუნდელებმა მოედანზე ერთად გაშალეს საპროტესტო ბანერი წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ლანჩხუთს“ კოლეგის სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად ჩაშლილი მატჩი წაგებად ჩაუთვალა.
რა იწვევს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების პროტესტს
მას შემდეგ, რაც სასამართლომ გაამართლა ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკე-ლუსოს” ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც ამავე კლუბის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა, ქართველმა ფეხბურთელმა ქალებმა პირდაპირ სტადიონზე გამოხატეს პროტესტი და მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, მატჩი ჩაშალეს.
2025 წლის საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში, ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ „ნიკე-ლუსოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 20 წლის ქალი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა.
მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა. მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელსაც შემდეგ „ნიკე-ლუსო“ ეწოდა, 2024 წელს შეიძინა.
ფორუმი