ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ხელისუფლების მონაცემებით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა 120 ათასი ადამიანი, ხოლო საცხოვრებლის არენდატორთა კავშირის მონაცემებით - 600 ათასი.
პოლიციის ცნობით, ბარსელონაში დემონსტრაციაში მონაწილეობდა 55 ათასი ადამიანი, ხოლო პროფკავშირების თანახმად - 400 ათასი. საპროტესტო აქციები იყო ესპანეთის სხვა ქალაქებშიც.
დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა ბარსელონაში საპროტესტო მსვლელობის დასრულების შემდეგ მასობრივი არეულობები დაიწყო. ნიღბიანმა პირებმა მაღაზიების ვიტრინები დალეწეს, ცეცხლი წაუკიდეს მაღაზიებს და ნაგვის ურნებს და პოლიციას დაუშინეს ქვები, ბოთლები და პეტარდები. პოლიციამ ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაკავებულია არეულობების 50-მდე მონაწილე.
დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა მადრიდშიც. პოლიციელებმა ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
რამ დაუდო სათავე საპროტესტო გამოსვლებს?
2026 წლის სექტემბერში ესპანეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა მადრიდში, ნაქირავები ბინიდან 87 წლის მარიკარმენ აბასკალის გამოსახლებას.
ქალი ამ ბინაში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც მფლობელისგან ბინა შეიძინა კერძო საინვესტიციო ფონდმა და ქირა, 500 ევრო დაახლოებით ხუთჯერ გაზარდა, პენსიონერმა ქალმა თანხის გადახდა ვეღარ შეძლო.
23 სექტემბერს მარიკარმენ აბასკალი ბინიდან საკაცით გამოიყვანეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოხვდა და იქ 7 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ვადამდელი არჩევნები
ესპანეთში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მთავრობამ საზოგადოებრივი უკმაყოფილების შესამცირებლად პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტები, რომელთა თანახმად, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოსახლება 2030 წლამდე უნდა აკრძალულიყო და უნდა შეზღუდულიყო საქმიანობა კერძო ფონდების, რომლებიც ბინებს ყიდულობენ და შემდეგ თავად აქირავებენ.
ესპანეთის პარლამენტმა, სადაც სანჩესის მთავრობას უმრავლესობა არ აქვს, ამ კანონების მიღება ვერ შეძლო. მემარჯვენე პარტიებმა განაცხადეს, რომ მთავრობის ინიციატივა, პირველ ყოვლისა, საცხოვრებლის მფლობელი კერძო პირების უფლებების ხელყოფაა.
პარლამენტში წარუმატებლობის შემდეგ, 5 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა სანჩესმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 2026 წლის 29 ნოემბერს ჩატარდება. სანჩესის თანახმად, რეფორმებისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდაა საჭირო და ესპანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს.
მთავრობის და ოპოზიციის რეაქციები 11 ნოემბრის გაფიცვასა და დემონსტრაციებზე
ესპანეთის სოციალისტურმა მთავრობამ მოქალაქეების პროტესტს სამართლიანი უწოდა, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ პატივისცემა გამოხატა და საბინაო კრიზისზე პასუხისმგებლობა მემარჯვენე ოპოზიციას დააკისრა.
თავის მხრივ, მემარჯვენე პარტიებმა გაფიცვა შეაფასეს წინასაარჩევნო სპექტაკლად და პროფკავშირები დაადანაშაულეს მთავრობის სასარგებლოდ მოქმედებაში.
ფორუმი