ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 12 ნოემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
კიევზე და უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მორიგი შეტევა 11-დან 12 ნოემბრის ღამიდან დაიწყო.
კიევის სოლომიანსკის რაიონში დრონი მოხვდა 9-სართულიან სახლს, რომელიც ნაწილობრივ დანგრეული და დამწვარია. რუსეთის დარტყმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი კიევის ამ რაიონში მოჰყვა.
უკრაინის რეგიონები
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა ენერგოობიექტებს და საწარმოებს დაარტყეს როვნოს ოლქში. სამაშველო სამსახურს კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. დაზიანებულია სახლებიც.
როვნოს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის დარტყმების შედეგად, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რეგიონის 160-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
ენერგოობიექტებზე დარტყმა იყო ჟიტომირის ოლქშიც, სადაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლებიც და ერთ-ერთი საწარმო.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 12 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ბალისტიკური და გემსაწინააღმდეგო რაკეტებით და 123 უპილოტო საფრენი აპარატით. რაკეტების რიცხვი არ დაუსახელებიათ.
საჰაერო ძალების თანახმად, ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 5 „ბანდეროლის“ (მცირეგაბარიტიანი ფრთოსანი რაკეტა, რაკეტისა და დრონის ჰიბრიდი) და 89 უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიება და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით პირდაპირი დარტყმა 17 ადგილზე.
რა ობიექტები დაასახელა რუსეთმა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 12 ნოემბერს დილით ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ რაკეტებით და დრონებით კიევში დაარტყეს ქარხანა „გენერატორს“, რომელიც აწარმოებს „ჰორნეტის“ ტიპის დრონებს, კიევის ოლქში - სამ საწარმოს, სადაც სხვადასხვა სახეობის დრონებს აწყობენ და აწარმოებენ დრონებისა და მყარი სარაკეტო საწვავის კომპონენტებს და ჟიტომირის ოლქში - ელექტროქვესადგურს, რომელიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს ამარაგებს.
რუსეთი, როგორც წესი, არაფერს ამბობს მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში და სამოქალაქო ობიექტებისთვის მიყენებულ დიდ ზიანზე.
უკრაინას არ გაუვრცელებია ცნობები სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე დარტყმის შესახებ.
ფორუმი