რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელი: „ძალიან რთული სათქმელია“, მიუახლოვდა თუ არა უკრაინა მშვიდობას

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე (არქივი)
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე (არქივი)

ნატოს ხელმძღვანელმა მარკ რიუტემ ხუთშაბათს AFP-ს განუცხადა, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, მოაახლოვა თუ არა რუსეთთან გამართულმა ბოლო მოლაპარაკებებმა მშვიდობა უკრაინაში - მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენლები ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ მოსკოვში.

„ძალიან რთული სათქმელია. მე ის ვიცი, რომ ყველა ჩართული მხარე - უპირველეს ყოვლისა, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე ევროპელები და უკრაინა - დაუღალავად მუშაობს ამ ომის დასასრულებლად“, - განაცხადა რიუტემ დუბლინში, ევროპელი ლიდერების სამიტზე მიცემულ ინტერვიუში.

დასავლეთის სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელმა არაერთხელ განაცხადა უარი მოლაპარაკებების შინაარსზე კომენტარის გაკეთებაზე. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, ევროპა და უკრაინა „ერთ ტალღაზე“ არიან.

თუმცა, როგორც ჩანს, მან უარყო მოსაზრება, თითქოს რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ნატოს გადაწყვეტილებებზე - მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და მოსკოვმა, მოლაპარაკებების ფარგლებში, ევროპის უსაფრთხოების საკითხის გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.

„ეს არ განიხილება“, - განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა.

რიუტემ განაცხადა, რომ ალიანსმა მტკიცედ უარყო რუსეთის „მიუღებელი“ მოთხოვნები, - აღმოსავლეთ ევროპიდან ძალების გაყვანისა და ახალი წევრების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, - რომლებიც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე წამოაყენა.

„ეს ყოველთვის იყო ალიანსის თანმიმდევრული პოზიცია“, - განაცხადა მან.

თუმცა ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთთან უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხების განხილვა „უცნაური არ არის” და ამ კონტექსტში „ცივი ომის“ დროს საბჭოთა კავშირთან გამართული მოლაპარაკებები გაიხსენა.

„თუმცა კონკრეტულად რას მოიცავს ეს ყველაფერი - ამაზე ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა“, - თქვა მან.

„ჩემთვის, ისევ და ისევ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელები, უკრაინა და აშშ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა არის მისაღები და რა - მიუღებელი“.

​
XS
SM
MD
LG