რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლია რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად

დრონებით შეტევის შედეგად 13 ნოემბერს დაზიანებული სამედიცინო დაწესებულება კიევში.
დრონებით შეტევის შედეგად 13 ნოემბერს დაზიანებული სამედიცინო დაწესებულება კიევში.

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. 12-დან 13 ნოემბრის ღამით დაწყებულ შეტევას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქ კიევის შევჩენკოს რაიონში დარტყმა იყო სამედიცინო დაწესებულების 6-სართულიან შენობაზე, რომლის ნაწილი დამწვარი და დანგრეულია. ევაკუირებულია 37 ადამიანი. ერთი დაშავებულია.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონზე, სადაც კერძო სახლებია. ერთ-ერთის ნგრევის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სუმის ოლქის შოსტკის რაიონში.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ქალაქ ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაზიანებულია კერძო სახლები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ ვინიცაში დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლები და საბავშვო ბაღის შენობა. დაშავდა ორი ადამიანი.

დრონებით შეტევის შედეგად მრავალბინიანი სახლი დაზიანდა ქალაქ როვნოშიც. სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

მრავალბინიანი სახლი ქალაქ როვნოში რუსული დრონებით შეტევის შემდეგ. 2026 წლის 13 ნოემბერი
მრავალბინიანი სახლი ქალაქ როვნოში რუსული დრონებით შეტევის შემდეგ. 2026 წლის 13 ნოემბერი

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 13 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 117 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 63 რეაქტიული იყო. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 80-ის მოგერიება და დრონებით პირდაპირი დარტყმა 24 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 13 ნოემბერს დილით გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში დრონებით გაცილებით მასშტაბური შეტევა რუსეთზე იყო.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის ჩვიდმეტ რეგიონში, ყირიმში და შავი ზღვის თავზე 1198 უკრაინული დრონი მოიგერიეს. სამინისტრო, როგორც წესი, არ ამბობს რამდენ ადგილას იყო პირდაპირი დარტყმები იმ დრონებით, რომლებიც ვერ მოიგერიეს.


​
XS
SM
MD
LG