რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სანქციათა სიიდან გაქრა ოთხი რუსული კომპანია

"სისტემა": ევროკავშირის სანქციათა სიიდან გაქრა ოთხი რუსული კომპანია, 2026 წლის 13 ნოემბერი
"სისტემა": ევროკავშირის სანქციათა სიიდან გაქრა ოთხი რუსული კომპანია, 2026 წლის 13 ნოემბერი

ევროკავშირის სანქციათა ახალი ნუსხა, რომლის პროექტიც სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა 11 ნოემბერს შეათანხმეს, მოიცავს ოთხი იურიდიული პირით ნაკლებს, ვიდრე მანამდე განიხილებოდა - იუწყება საგამოძიებო პროექტი "სისტემა".

"სისტემის" მონაცემებით, განხილვის პროცესში სიიდან ამოიღეს "პირველი საინვესტიციო ბანკი", "საინვესტიციო კოოპერატიული ბანკი", ბანკი "რესო კრედიტი" და ნავთობის კომპანია "ტანეკო". ყველა ეს კომპანია ევროპელი აქციონერების ინტერესის სფეროშია.

"პირველი საინვესტიციო ბანკის" 67,11% წილი 2018 წელს შეიძინა ბულგარულმა Starcom Holding-მა. 2021 წლისთვის, დამატებითი კაპიტალიზაციის შედეგად Starcom-ის წილი გაიზარდა 97,76%-მდე - თუმცა შემდეგ, რუსეთში სასამართლო განხილვის შემდეგ მისი წილი შემცირდა და შეადგინა 93,19%. 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ Starcom Holding-ი ამ ბანკში კვლავაც 93,2% ფლობს, თუმცა ამ ინვესტიციის განკარგვა არ შეუძლია "გეოპოლიტიკური სიტუაციისა და შეზღუდვის ზომების გამო, რომლებიც ევროპის კავშირმა და რუსეთის ფედერაციამ შემოიღეს რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო კონფლიქტთან კავშირით".

ყაზანში დაფუძნებული "საინვესტიციო კოოპერატიული ბანკიც" ბულგარულ ბიზნესთანაა დაკავშირებული, 2021 წლიდან 86,27 პროცენტს აკონტროლებს ბულგარული ჯგუფი Chimimport.

ბანკი "რესო კრედიტი" დაკავშირებულია საფრანგეთის დაზღვევის ჯგუფ AXA-სთან, ნავთობის კომპანია "ტანეკო" - უნგრეთის ჯგუფ MOL-თან.

რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ორმა წყარომ უთხრა, რომ "პირველი საინვესტიციო ბანკი" და "საინვესტიციო კოოპერატიული ბანკი" სანქციების ნუსხიდან ამოიღეს ბულგარეთის მხარის თხოვნის საფუძველზე. "რესო კრედიტის" ამოღება ითხოვეს საფრანგეთის წარმომადგენლებმა, "ტანეკოსი" - უნგრეთის. რადიო თავისუფლების ჟურნალისტების კითხვებს ბულგარეთის, საფრანგეთისა და უნგრეთის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს.

"სისტემა" უწინ წერდა, რომ ოქტომბერში, სანქციების მორიგი სიის შეთანხმებისას, იქიდან ერთი კომპანია ესტონეთის თხოვნით ამოიღეს.

გავრცელებული ვარაუდით, ევროკავშირის სანქციების ახალი ნუსხა საბოლოოდ დამტკიცდება ორშაბათს, 16 ნოემბერს. ის მოიცავს 113 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის 50 ბანკს, ენერგეტიკის კომპანიებს და სტრუქტურებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვან ფლოტთან".

​
XS
SM
MD
LG