რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეეფარდა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს - ადვოკატი ამბობს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია

62 წლის კაცმა თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა ცოლ-ქმარი.
62 წლის კაცმა თბილისში, კოსმონავტების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა ცოლ-ქმარი.

13 ნოემბერს, გვიან ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა, პატიმრობა შეუფარდა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ 62 წლის კაცს.

ბრალდებულის ადვოკატმა, რეზო ჩინჩალაძემ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა.

ის ამტკიცებდა, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, გარდა ერთი პატაკისა, რომელიც დაადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული:

"არცერთი მოწმის ჩვენება არ მიუთითებს გია ძლიერიშვილის მხრიდან ფაქტის ჩადენაზე. მხოლოდ ერთი პატაკია საქმეში, ზვიად ნოზაძის, რომელიც ამბობს, რომ გია ძლიერიშვილმა ჩაიდინა დანაშაული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ობიექტური თვალით, სასამართლოს გადმოსახედიდან, არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს ამ საქმეზე. არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია პროკურატურას, რომ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ნამდვილად გია ძლიერიშვილია. ამ კადრებს თქვენც ნახავდით, ბატონო მოსამართლევ და იქ ამოცნობა შეუძლებელია.

გია ძლიერიშვილი არსად დამალულა. ჩვენება ნებაყოფლობით მისცა გამოძიებას".

გია ძლიერიშვილს გამოძიება ედავება თბილისში, 11 ნოემბერს, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ორი პირის მიმართ, ანგარებით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

პროკურატურის თანახმად, 62 წლის კაცმა თბილისში, კოსმონავტების ქუჩის 49 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, „ანგარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ცოლ-ქმარს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა“.

საქმის პროკურორმა, მედეა ცირამუამ თქვა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები ადასტურებს, რომ დანაშაული ნამდვილად ბრალდებულმა ჩაიდინა:

"ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მისი დაკავება მოხდა სხვა ქალაქში. შესაბამისად, ის, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვას ჰქონდა ადგილი, ასევე, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, ის ცდილობდა იარაღის მოშორებას, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე მართლმსაჯულების სისტემისადმი... ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული".

რაც შეეხება ადვოკატის მტკიცებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, მედეა ცირამუა ამბობს:

"მტკიცებულებები ნამდვილად ადასტურებს, რომ დანაშაული მის მიერაა ჩადენილი. ეს დაცვის მხარის პოზიციაა, რომ თქვას ასე. მათ შორის, ოჯახის წევრები ადასტურებენ იმ მოტივის, რა იყო მკვლელობის ჩადენის მოტივი.

მკვლელობის ფაქტი ასახულია სამეთვალყურეო კამერებში, სადაც ჩანს ჩასაფრების ფაქტი, განზრახვის სისრულეში მოყვანის ფაქტი. და ის, რომ ბრალდებულია სამეთვალყურეო კამერაში, ამას ადასტურებენ მისი ოჯახის წევრებიც კი. შვილი... ცოლი...

ამასთანავე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ფურცელი, ჩანაწერი, სადაც ეწერა მოკლული ქალის სახელი გვარი, მონაცემები, მისამართი, მანქანის ნომერი, რაც ასევე ადასტურებს, რამდენად გააზრებულად ჩაიდინა მან დანაშაული", - თქვა მედეა ცირამუამ.

რა თქვა ბრალდებულმა?

"ჩემი მეუღლე თითქმის ვერ ხედავს. ჩემს შვილსაც, მინუს რამდენი აქვს თვალებში... არ ვიცი, ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას", - მხოლოდ ეს თქვა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

მოსამართლე: მაშ, რა მოხდა?

ადვოკატი: დღეს არ გვსურს ამაზე ლაპარაკი.

როგორც რადიო თავისუფლებამ მკვლელობიდან მეორე დღეს გაარკვია, დანაშაულს წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი დავა საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ბინის გამო, რომელიც ცოლ-ქმარმა 2018 წელს აუქციონზე, 100 000 ლარად შეიძინა. 227 კვადრატული ფართის ბინა მანამდე მკვლელობაში ბრალდებულის დას ეკუთვნოდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბინის ყოფილ და ახლანდელ მფლობელებს შორის ბოლო მოლაპარაკება ჩაიშალა. 12 ნოემბერს, ბინიდან ძლიერიშვილის დის გამოსახლება იყო დაგეგმილი.

ბრალდებულის ახლობელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბინა წლების წინ, ბიზნესის წამოსაწყებად დატვირთა ოჯახმა იპოთეკით, ბანკიდან 50 ათასი დოლარი გამოიტანეს, თუმცა, თანხის სრულად დაფარვა ვეღარ მოახერხეს და ბინა ბანკმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

მოკლული ცოლ-ქმარი, წლების განმავლობაში, სავაჭრო ცენტრ „საბაში“ ავეჯით ვაჭრობდა.

წინასასამართლო სხდომა ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე 6 იანვარს გაიმართება.

​
XS
SM
MD
LG