რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რაიონზე მიიტანა იერიში, არიან დაშავებულები

რუსეთის იერიშის შედეგები ზაპოროჟიეში. 13 ნოემბერი, 2026.
რუსეთის იერიშის შედეგები ზაპოროჟიეში. 13 ნოემბერი, 2026.

შაბათს, 14 ნოემბერს დღისით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ვოზნესენკის და ხორტიცის რაიონებზე მიიტანეს იერიში.

როგორც ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი მიხაილო სემიკინი წერს ტელეგრამში, ვოზნესენკის რაიონში თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

ქალაქის ხორტიცის რაიონში იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია ერთი წელი.

ასევე, ზაპოროჟიეს ზავოდსკის რაიონში რუსეთის შეტევა განხორციელდა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. დაზიანდა შენობა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდა 32 წლის მამაკაცი. დილით ზაპოროჟიეში დნეპროჰესის კაშხალზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად გადაიკეტა.

გუშინ რუსეთის მიერ ქალაქზე დარტყმის შედეგად ასევე ნაწილობრივ დაინგრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მანამდე, 14 ნოემბერს დღისით, ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა ქალაქ დერგაჩზე რუსეთის იერიშის შესახებ, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ექვსი კერძო სახლი, ოთხი სამეურნეო ნაგებობა და ორი ავტომობილი.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე ღამით შეტევა განახორციელა 96 მოიერიშე დრონით, რომელთაგან 81 ჩამოაგდეს ან ჩაახშეს. დარტყმების შედეგად, კერძოდ ოდესის ოლქში, დაზიანდა ენერგოკომპანია დტეკ-ს ობიექტი, რის გამოც თითქმის 50 ათასი მცხოვრები დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

იერიშების შედეგად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა სხვა რეგიონებშიც: სუმის ოლქში „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიული გათიშვა გამოაცხადა, ქალაქ გლუხოვში კი რუსეთის დარტყმის შედეგად ქალი და მისი 9 წლის შვილიშვილი დაშავდნენ. ჩერნიგოვის ოლქში დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა სოფლის მეურნეობის საწარმო და საცხოვრებელი სახლები, ხოლო ქალაქ გოროდნიაში 41 წლის მამაკაცი დაიჭრა.

​
XS
SM
MD
LG