რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ - საქართველოში ახალი პარტია დაფუძნდა

საერთო კრებას ახალი პარტიის ლიდერებმა მიმართეს - ფოტოზე: ვახტანგ [ვახუშტი] მენაბდე და სოფო ვერძეული - 15 ნოემბერი, 2026 წელი.
საერთო კრებას ახალი პარტიის ლიდერებმა მიმართეს - ფოტოზე: ვახტანგ [ვახუშტი] მენაბდე და სოფო ვერძეული - 15 ნოემბერი, 2026 წელი.

15 ნოემბერს, თბილისში, ახალი პოლიტიკური პარტიის - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ - სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა.

მანამდე, თითქმის ორი წლის განმავლობაში, ეს ჯგუფი აქტიურობდა საჯარო სივრცეში - მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, სხვადასხვა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით. პარტიის წარმომადგენლებს იცნობენ - "საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის" ორგანიზატორების სახელითაც.

პარტიის ყრილობა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

“დღეს ჩვენ ვაცხადებთ სოციალ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებას, რომელიც იბრძოლებს თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოლიდარობისთვის და გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევით, მოვიპოვებთ იმას, რაც ხალხს გვეკუთვნის”, - განაცხადა სოფო ვერძეულმა, რომელიც ყრილობამ პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად აირჩია [ამ პოზიციაზე პარტიას ორი წევრი ეყოლება].

ვერძეულის თქმით, დღეს, როდესაც “პოლიტიკური სივრცე საბოლოო გაქრობის წინაშეა” პარტიის დაფუძნებას “პრინციპული პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს” და “უნდა იქცეს პასუხად ქვეყანაში გავრცელებულ სასოწარკვეთასა და ნიჰილიზმზე; უნდა იქცეს შესაძლებლობად პოლიტიკიდან განდევნილი, ხმაწართმეული, გაღარიბებული და დაჩაგრული ადამიანებისთვის; უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის აზრის დაბრუნების და თავად მოქალაქეების პოლიტიკაში დაბრუნების საწინდარი”.

"თავისუფლება და გამარჯვება სინდისის პატიმრებს - ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს!... თავისუფლება ყველას, ვინც ამ ტერორში გამოატარეს!" - განაცხადა გამოსვლის დასაწყისში პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გოტა ჭანტურიამ და პროევროპული პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებული ადამიანების გვარები და სახელები ჩამოთვალა. მან ახსენა ასევე დაპატიმრებული მაღაროელებიც - "ეს ადამიანები დაატყვევეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღირსეული შრომის პირობები მოითხოვეს".

„ჩვენ ვართ 99%! ჟურნალისტი, მაღაროელი, სტუდენტი, ლექტორი, პოეტი, სუპერმარკეტის მოლარე, გარემოვაჭრე თუ ოჯახი, რომელიც, ვალის გამო, უკანასკნელ საცხოვრისს კარგავს”, - ესეც გოტა ჭანტურიას სიტყვებია. ის ყრილობაზე პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად აირჩიეს.

საერთო კრების კენჭისყრა
საერთო კრების კენჭისყრა

პარტიის საორგანიზაციო კომიტეტის წევრის, ვახტანგ [ვახუშტი] მენაბდის თქმით, “„ოცნება“, როგორც ავტორიტარული ძალა, ყველა ალტერნატივას ებრძვის ყველა იმ საშუალებით, რომელიც მის ხელთ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება პრეცედენტული ძალა [5 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს "ქართული ოცნების" სიით არჩეულმა დეპუტატებმა მიმართეს - რ.თ.], რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც, ვთქვათ, არ აღიარებს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმს, მის მიერ ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას და ა.შ. ასევე გამოცხადდება არაკონსტიტუციურად”.

მენაბდე ამბობს ასევე, რომ პარტიის - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ - წევრები, “ქართული ოცნების” დღევანდელი პოლიტიკის პირობებში, ყველაფრისთვის არიან მზად.

პარტიაში აცხადებენ, რომ დემოკრატიას არა აქვს მომავალი - სამართლიანობის გარეშე და ნერგავენ ჰორიზონტალურ მმართველობას, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საერთო კრება მიიღებს.

წესდებისა და პროგრამის დამტკიცების გარდა, 15 ნოემბერს, საერთო კრებამ კენჭისყრის გზით აირჩია: საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ჩაუდგებიან სათავეში პარტიის საქმიანობას. ყრილობაზე აირჩიეს ასევე სარევიზიო კომისიის წევრები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

  • საორგანიზაციო კომიტეტის წევრებად აირჩიეს 8 ქალი და 8 კაცი: სოფო ვერძეული, გოტა ჭანტურია, ვახტანგ [ვახუშტი] მენაბდე, ლევან ლორთქიფანიძე, ლელა გაფრინდაშვილი, თამარ ონოფრიენკო, მერაბ ქართველიშვილი, მარი იაკობიძე, ნიკოლოზ წიქარიძე, ივანე აბრამაშვილი, მაია ბარქაია, ფიქრია ქიქოძე, გიორგი [გუგა] დუდუჩავა, სოფო ბასილაძე, ვერა გოგოხია და გია ჭანტურია.
  • სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: მანანა რატიანი, ლუკა კუჭუხიძე, ია იაძე, გიორგი მიქაბერიძე და თენგიზ სულთანიშვილი [კომისია გააკონტროლებს პარტიის ფუნქციონირებას].
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები იქნებიან: სოფო ვერძეული და ლევან ლორთქიფანიძე [პარტიაში განმარტავენ, რომ ეს პოზიცია პარტიის თავმჯდომარეობას არ ნიშნავს].


კანონის თანახმად, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა მიმართოს. სააგენტოს საკითხის გადასაწყვეტად ერთი თვის ვადა აქვს.

​


​
XS
SM
MD
LG