რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ფრონტისპირა და ოკუპირებული ტერიტორიები უსინათლოდ დარჩა

საილუსტრაციო ფოტო: უშუქოდ დარჩენილი კიევი. 20 იანვარი, 2026.
საილუსტრაციო ფოტო: უშუქოდ დარჩენილი კიევი. 20 იანვარი, 2026.

დნეპრში ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე რუსეთის რამდენიმე დარტყმის შედეგად კვირას ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაიწყო, იუწყებიან საქალაქო „ცენტრალურ ენერგეტიკულ კომპანიაში“.

„ჯერჯერობით რთულია ელექტრომომარაგების აღდგენის ვადების პროგნოზირება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. შემოღებულია ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვები.

უკრაინული ტელეგრამის არხების ცნობით, დნეპრში ასევე შეინიშნება წყალმომარაგების პრობლემები, არ მუშაობს მეტრო და ელექტროტრანსპორტი. დახურული ტელეგრამის არხი „ნოვოსტი.დნეპრი“ აქვეყნებს ტროლეიბუსის ფოტოს, რომლის მძღოლმაც საქარე მინაზე მიაკრა შეტყობინება ქსელში ძაბვის არარსებობის შესახებ.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში შეწყვეტილია თბომომარაგება. ეს არის შაბათს, 14 ნოემბერს რუსეთის დაბომბვის შედეგი, როცა ქალაქში სულ მცირე 28 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. თბომომარაგების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

15 ნოემბერს დღისით ზაპოროჟიე თითქმის მთლიანად დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. როგორც ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა მოხდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე რუსეთის შეტევის შემდეგ. შექმნილია წყლისა და გათბობის პრობლემები.

სუმის ოლქის ნაწილი კვლავ სტაბილური ელექტრომომარაგების გარეშე რჩება ერთ-ერთ მაღალი ძაბვის ობიექტზე მომხდარი ავარიის გამო, იუწყება „სუმიობლენერჰოს“ პრესსამსახური. დაზიანების სირთულე და რუსეთის მუდმივი შეტევები არ იძლევა საშუალებას, ოპერატიულად აღდგეს ყველა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მომხმარებლის მომარაგება.

ამ ფონზე რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში გაამკაცრეს ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკები, ყირიმის სხვა რამდენიმე რაიონში კი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მოხდა. პროექტი „კრიმ.რეალიი“ იუწყება, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე სოფელი ბახჩისარაის რაიონში, ქალაქ საკის ცალკეული რაიონები, კორეიზი და გასპრა, ასევე ქერჩის ზოგიერთი რაიონი. ანექსირებულ ყირიმში ელექტრომომარაგების მასშტაბური შეფერხებები ოქტომბრის ბოლოდან გრძელდება, რაც გამოწვეულია უკრაინის მეთოდური შეტევებით ენერგოობიექტებზე ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, საიდანაც რუსეთი უკრაინაზე იერიშებს ახორციელებს.

ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა ასევე უკრაინის დონეცკის ოლქში, რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ნაწილში, მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს იქ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს იერიში. უშუქოდ დარჩა მარიუპოლი, დონეცკის ნაწილი, ვოლნოვახა, ნოვოაზოვსკი და სხვა ქალაქები. დონეცკში გათიშვა შეეხო 120 ათასზე მეტ აბონენტს, იუწყება რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერი ალექსეი კულემზინი.

რუსული მედია გათიშვის მიზეზად „ავარიას“ ასახელებს. თუმცა ე.წ. „დნრ-ის“ რუსეთის მიერ დანიშნული მთავრობის თავმჯდომარემ, ანდრეი ჩერტკოვმა, დაწერა, რომ ელექტროქსელი დაზიანდა „მოწინააღმდეგის მძლავრი შეტევით“.

ჩერტკოვმა ივარაუდა, რომ პირველი ელექტროქვესადგურები შესაძლოა მწყობრში ჩადგეს უახლოეს ღამეს, თუმცა სხვა ოფიციალური ინსტანციები, კერძოდ, „დნრ-ის“ ნახშირისა და ენერგეტიკის სამინისტრო, იუწყებიან, რომ დაზიანებების მოცულობა დიდია და აღდგენის ვადების განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია.

​
XS
SM
MD
LG