ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე დღეს, 16 ნოემბერს, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა. სხდომა 41-ე დარბაზში ჩატარდა.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერსა და წლების განმავლობაში ამ პარტიის პიარკონსულტანტს შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა უჩივლა.
ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლოს არ დასწრებია. არ ჰყოლია არც ადვოკატი.
“თანახმაა მისი დასწრების გარეშე გაიმართოს სხდომა”, - მოახსენა სხდომის მდივანმა სასამართლოს. შსს ინფორმირებული არ იყო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5-წუთიანი შესვენება გამოაცხადა და სხდომის მდივანს ნაცვლიშვილთან კიდევ ერთხელ დარეკვა დაავალა.
შემდეგ მანდატურს სთხოვა, ეკითხა სასამართლოს ფოიეში, ნაცვლიშვილი იქ ხომ არ იყო. მანდატურს არავინ გამოჰპასუხებია. სხდომა განახლდა.
“პოსტზე მონიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოჰყვა მყისიერი რეაქცია… დამატებით მოვიძიეთ ინფორმაცია, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამ კომენტარს, წარმოგიდგინეთ პოსტები და მასალები, რაც ადასტურებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მასშტაბებს… ვერ ჩავთვლით ამ კონკრეტულს მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევად. თუმცა ლაშა ნაცვლიშვილი არც ნასამართლევია და არც სახდელდადებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯარიმა უზრუნველყოფს მიზნებს”, - თქვა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა მარიამ კერესელიძემ სასამართლოს სხდომაზე.
რა დაწერა ნაცვლიშვილმა
„იობ ტვაიუ მაწ რა... (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)“, - დაწერა მან 2026 წლის 11 ნოემბერს. სამართალდარღვევის ოქმი ორი დღის შემდეგ, 13 ნოემბერს, შედგა.
ეს ტექსტი მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს მიემართებოდა, რასაც წინ უძღოდა სინოდის წევრის 10 ნოემბრის ქადაგება.
გავლენიანმა მიტროპოლიტმა 10 ნოემბერს, ქადაგებისას, “ქართულ ოცნებას” ეკლესიის დამანგრეველი პოლიტიკის გატარებაში დასდო ბრალი და თქვა, რომ ხელისუფლებამ "შესაძლებლობები სრულად ამოწურა” და ახალი ხელისუფლების არჩევაა საჭირო.
კრიტიკას კრიტიკით უპასუხეს "ქართულ ოცნებაში".
მეუფე იობის ქადაგებას მხარი დაუჭირეს სხვა სასულიერო პირებმა, სხვადასხვა ფორმით, ზოგმა იქადაგა, ზოგმა კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა კიდეც.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი საჯაროდ მიმართავს ლაშა ნაცვლიშვილს, „საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე!“
ლაშა ნაცვლიშვილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
„მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მის მისამართით, რომელიც შორს სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.
საერთოდ ადამიანის შეურაცხმყოფელი სიტყვით მიმართვა მიუღებელია ქრისტიანისთვის, ვინც არ უნდა იყოს ადრესატი.
აზრის გამოთქმა, თუნდაც კრიტიკა, კორექტული და არგუმენტირებული შეიძლება იყოს, შეურაცხყოფის გარეშე“, - დაწერა მან ფეისბუკში.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საჯარო პოლემიკა ეკლესიისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც საზიანოა და ყველას მოუწოდა, ნუ გახდებიან ამის ინიციატორები.
მან ლაშა ნაცვლიშვილსაც დაუწუნა აზრის გამოხატვის ფორმა.
ეს დაპირისპირება მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა იმის გამოც, რომ, წლების განმავლობაში, "ქართული ოცნება" ოპონენტებს უწოდებდა „ეკლესიის მტრებს”, „ეკლესიის მაგინებლებს“, "ანტიეკლესიურებს", ახლა კი წმინდა სინოდის ავტორიტეტიანმა წევრმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს სააკაშვილის ოპოზიციის ღია მხარდამჭერი იყო, "ურწმუნო" და "არაეკლესიური" თავად “ოცნების” ხელისუფლებას უწოდა.
როგორ მუშაობს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო
სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე. ამ სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.
პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.
ის კომენტარები, რომელთა გამოც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს კომენტარებისა თუ პოსტების წაშლის ვალდებულებას და შესაბამისად, ვერავინ, მათ შორის ვერც მოსამართლე ვერ დაავალდებულებს დაჯარიმებულ მოქალაქეებს, წაშალონ ის კომენტარები, რომლებსაც შსს წვრილმან ხულიგნობად ან პოლიტიკოსის შეურაცხყოფად, გადაკიდებად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევად მიიჩნევს.
შსს მოქალაქეებს ორი მუხლით ედავება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მუხლები, ჯამში, 1500-დან 6000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი