რუსეთმა კიევში ხიდებს დაარტყა, უკრაინამ - „ყირიმის ხიდს"

ე.წ. ყირიმის ხიდი(ქერჩის ხიდი). 2026 წლის 17 ნოემბერი
ე.წ. ყირიმის ხიდი(ქერჩის ხიდი). 2026 წლის 17 ნოემბერი

რუსეთის ჯარებმა 16 ნოემბერს ღამით და 17 ნოემბერს გამთენიისას სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დარტყმა იყო სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებზე. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემაც. კიევის ზოგიერთ რაიონში შეფერხებულია წყლით და გათბობით მომარაგება.

  • რუსეთის ჯარებმა კიევის ხიდებს არაერთხელ დაარტყეს 2026 წლის ოქტომბერშიც.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, 17 ნოემბერს სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებზე მოძრაობა დროებით შეწყდა. დაზიანებულია მეტროს მიწისზედა ხაზიც.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 ნოემბერს საღამოს, ვიდეომიმართვისას უკრაინელები გააფრთხილა, რომ რუსეთი მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს და სთხოვა, რომ ღამით და ხვალ(17 ნოემბერს) უყურადღებოდ არ დატოვონ სარაკეტო საფრთხის სიგნალები.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთში უნდა იცოდნენ, რომ მათ ყველა ბოროტებას სამართლიან პასუხს გასცემენ.

მორიგი შეტევა „ყირიმის ხიდზე“

გასულ ღამით დარტყმა იყო „ყირიმის ხიდზე“.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა 17 ნოემბერს 02:00 საათისთვის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ხიდზე „მოწინააღმდეგის"(რ.თ. უკრაინის) შეტევის შედეგად ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

ზოგიერი ტელეგრამ-არხის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხიდს რაკეტებით დაარტყეს. უკრაინას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 17 ნოემბერს დილით განაცხადა, რომ გასულ ღამით ყირიმის ხიდზე განმეორებითი შეტევა იყო უპილოტო საფრენი აპარატებით, ხიდის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზებზე მოძრაობა შეჩერებულია და ზარალის მასშტაბს აფასებენ.

პროუკრაინული საინფორმაციო ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ", რომელიც ანექსირებულ ყირიმში მომხდარ ფაქტებს აშუქებს, ადგილობრივი გამომწერებისგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ხიდზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება იყო.

ამავე არხის ცნობით, თვითმხილველების მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით, ხიდის საავტომობილო ნაწილის თაღი აღარ არსებობს და მხოლოდ სარკინიგზო ნაწილის თაღია დარჩენილი.

ხიდის ორიდან ერთი თაღის დაზიანებას ადასტურებს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA.

მონიტორინგის უკრაინული არხის, Supernova+-ის ცნობითაც, ხიდის ნაწილი ჩამონგრეულია და იქ მხოლოდ ერთი თაღია დარჩენილი.

ხიდის მხოლოდ ერთი თაღი ჩანს ვიდეოკადრში, რომელიც მონიტორინგის კიდევ ერთმა უკრაინულმა არხმა, Exilenova+მა გაავრცელა.

არხის ცნობით, ხიდის საავტომობილო ნაწილის თაღი ზღვაშია.

რუსეთის მიერ აშენებულ ყირიმის, იმავე ქერჩის ხიდზე შეტევა იყო 16 ნოემბერს დილითაც.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმის, იმავე ქერჩის, ხიდზე იერიში არაერთხელ მიიტანეს. მათგან ყველაზე ძლიერი იყო 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის ივლისში მომხდარი აფეთქებები, რომლებმაც ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

  • უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
  • 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
  • 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო.
  • 2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს აქტიურად იყენებდა თავისი ჯარების მომარაგებისთვის.




​
XS
SM
MD
LG