ბანგლადეშელები რუსეთის არმიაში: მოტყუებით რუსეთში, იძულებით - ფრონტზე 

22 წლის ბანგლადეშელი რაზან ჰოსაინი რუსულ სამხედრო ფორმაში.
22 წლის ბანგლადეშელი რაზან ჰოსაინი რუსულ სამხედრო ფორმაში.

რუსეთი ბანგლადეშის მოქალაქეებს სამშენებლო სამუშაოებისა და განათლების მიღების დაპირებით იზიდავს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ ომში აგზავნის. ბევრი მათგანი ფრონტის წინა ხაზზე, პრაქტიკულად მოუმზადებელი მოხვდა. გადარჩენილები ჰყვებიან მათ სამიზნეებად გამოყენებასა და თანამემამულეების დაღუპვაზე.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, როგორ ხვდებიან ბანგლადეშელები უკრაინის წინააღმდეგ ომში. თავდაპირველად მათ სამოქალაქო სამუშაოებს სთავაზობდნენ, თუმცა მოგვიანებით, ბევრი მათგანი, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ხვდება.

ბანგლადეში - ქვეყანა, რომლის 176-მილიონიანი მოსახლეობის მეხუთედი სიღარიბეში ცხოვრობს - უკვე დიდი ხანია, მიჩვეულია საკუთარი მუშახელის საზღვარგარეთ გაგზავნას. მაგალითად, დაახლოებით 5 მილიონი ბანგლადეშელი ცხოვრობს და მუშაობს ახლო აღმოსავლეთში. ამ მაჩვენებლით ბანგლადეში რეგიონში შრომითი მიგრანტების სიდიდით მეორე ადგილზეა. პირველზე ინდოეთია, მესამეზე - პაკისტანი.

22 წლის რაზან ჰოსაინს რუსეთში მშენებლობაზე დასაქმებას დაჰპირდნენ. თუმცა რუსეთში ჩასვლიდან მალევე ის აღმოჩნდა ბრძოლის ველზე, სადაც ტკივილსა და სიკვდილს შეეჯახა.

ჰოსაინი და მისი ოჯახი უკეთესი მომავლის იმედით იყვნენ, როდესაც 7 მაისს საშუალო სკოლის კურსდამთავრებული ახალგაზრდა 30 თანამემამულესთან ერთად ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას აეროპორტში თვითმფრინავში ჩაჯდა.

მამა ავად ჰყავდა, რეკრუტერების მიერ დაპირებული მაღალი ხელფასის მიღების შესაძლებლობამ მას სამშობლოს დატოვებისკენ უბიძგა.

თუმცა ეს იმედები რამდენიმე დღეში გაეფანტა.

სამშენებლო ბრიგადაში მუშაობის ნაცვლად, ჰოსაინი რუსეთის სამხედრო ბანაკში აღმოჩნდა, ფრონტის წინა ხაზზე. მას ავტომატური შაშხანა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გადასცეს.

შემდეგ ჰოსაინს და მის რამდენიმე თანამემამულეს, პრაქტიკულად ყოველგვარი მომზადების გარეშე, უბრძანეს, ფრონტის ხაზისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ქვედანაყოფების წინ წასულიყვნენ.

რაზან ჰოსაინი
რაზან ჰოსაინი

ჰოსაინი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ბანგლადეშელებს შორის, რომლებმაც ომიდან სამშობლოში დაბრუნება შეძლეს. მას ცეცხლსასროლით ფეხებზე მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული და ახლა ყავარჯნებით გადაადგილება უწევს.

„ჩემი ოცი თანამემამულე დაიღუპა ჩემ თვალწინ დრონების იერიშის დროს“, - უთხრა რაზანმა რადიო თავისუფლებას. მისი მონათხრობი ადასტურებს ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს, რომ ბანგლადეშის ბევრი მოქალაქე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა, რაც ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო შედეგით დასრულდა.

“ფინანსური სტაბილურობის მიღების ნაცვლად, ყველაფერი დავკარგე“, - დასძენს ის.

რაზანის ისტორია ასევე ადასტურებს იმ ბრალდებებს, რომლებსაც გაერო და მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია უყენებენ კრემლს: რუსეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამუშაოს დაპირებით იზიდავს, შემდეგ კი ფრონტის წინა ხაზზე უშვებს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს ომში, რომელშიც მონაწილეობას ისინი არ აპირებდნენ.

სადაზვერვო წყაროებისა და ომის მსვლელობაზე დამკვირვებლების შეფასებით, რუსეთს სამხედრო ძალების შევსების პრობლემა აქვს. ეს ხდება იმ მძიმე დანაკარგების ფონზე, რომლებიც, სხვადასხვა შეფასებით, უკვე 1,5 მილიონ ადამიანს აღემატება დაღუპულებისა და დაჭრილების სახით.

გაეროს ანგარიში

2026 წლის ოქტომბრის თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში გაერომ რუსეთი სულ მცირე 29 ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაბირებაში დაადანაშაულა. ზოგიერთ შემთხვევაში, ანგარიშის თანახმად, ამას მოტყუებით, ადამიანებით ვაჭრობისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების გზით აკეთებდნენ.

„კომისიამ [გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ] ამ დროისთვის მოიპოვა მტკიცებულებები, რომ სხვადასხვა კონტინენტის 29 ქვეყნის მოქალაქეები რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაირიცხნენ მთელ მსოფლიოში მოქმედი აგენტების დახმარებით“, - ნათქვამია ანგარიშში.

„დაზარალებულები, რომლებიც ყველა მამაკაცი იყო, რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში მოტყუებისა და თაღლითობის გზით გაიწვიეს. აგენტებმა ისინი რუსეთის ფედერაციაში ჩაიყვანეს, ისარგებლეს მათი მოწყვლადი მდგომარეობით და აცდუნეს სამოქალაქო სამსახურის ყალბი შეთავაზებებით, რომლებიც მომგებიან, ნამდვილ და სანდო წინადადებებად გამოიყურებოდა“.

რუსეთის ხელისუფლება თანმიმდევრულად უარყოფს ბრალდებებს, თითქოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ატყუებს ან უკანონოდ ახდენს მათ გადაბირებას. მოსკოვის მტკიცებით, ყველა უცხოელი, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძვის, ამას მხოლოდ ნებაყოფლობით, ოფიციალური სამხედრო კონტრაქტების საფუძველზე აკეთებს.

ვაკანსია მშენებლობის სფეროში

ჰოსაინის თქმით, მისი ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ბანგლადეშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჯენაიდას რაიონში მცხოვრებს, დასაქმების სააგენტო Jabale Noor-მა რუსეთში სამუშაო შესთავაზა.

მისი თქმით, ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეთავაზებაზე ერთი წუთითაც კი არ უყოყმანია. ვიზისა და მგზავრობის ხარჯების დასაფარად, მისმა ოჯახმა მიწა გაყიდა დაახლოებით 1 მილიონ ბანგლადეშურ ტაკად (დაახლოებით 8 000 აშშ დოლარი).

ჰოსაინის თქმით, დასაქმების სააგენტომ მას და კიდევ 30 ახალგაზრდა მამაკაცს მშენებლობაზე დასაქმება და თვეში 75 000 რუსული რუბლის (დაახლოებით 930 დოლარი) ანაზღაურება შესთავაზა.

ჰოსაინის თქმით, ისინი მოსკოვში 7 მაისს ჩაფრინდნენ, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ გაგზავნეს საბრძოლო მოქმედებების ზონაში, სადაც ბანგლადეშელთა 30 კაციანი ჯგუფი სამ ნაწილად დაყვეს და თითოეული მათგანი სხვადასხვა მიმართულებით, რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფში გაგზავნეს.

„კონტრაქტით ელექტრიკოსის დამხმარედ ამიყვანეს და ამ სამუშაოს შესასრულებლად ყველა საჭირო სამართლებრივი დოკუმენტი მქონდა. მაგრამ სინამდვილეში ომში მონაწილეობა მაიძულეს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

14 ივნისს რაზანი დრონის დარტყმის შედეგად დაიჭრა, თუმცა მისი ქვედანაყოფის მეთაურმა, მძიმე ჭრილობების მიუხედავად, საავადმყოფოში მის გადაყვანაზე უარი თქვა და მხოლოდ პირველადი დახმარების მინიმალური ზომები მიიღო.

„სათანადო მკურნალობას რომ ვითხოვდი, საკვებს არ მაძლევდნენ და მცემდნენ... სხეულის ქვედა ნაწილზე დამწვრობები მქონდა, სმენაც დავკარგე, მაგრამ ამას არავინ მიაქცია ყურადღება“, - დასძინა ჰოსაინმა, რომელიც აგვისტოს ბოლოს ბანგლადეშში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც სათანადო დახმარება მიიღო მოსკოვში მცხოვრები თანაგრძნობით განწყობილი ექიმისა და ბანგლადეშის საელჩოსაგან.

უცხოელები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან

უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, რუსეთი მთელ მსოფლიოში მიზანმიმართულად ეძებს ისეთ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომელთა გადაბირებასა და ფრონტზე გაგზავნას შეძლებს. სარეკრუტინგო კამპანიის ფარგლებში, მოსკოვი მათ ფულსა და სხვა შესაძლო სარგებელს ჰპირდება.

2023 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურას ამარტივებდა იმ უცხოელთათვის, ვინც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებდა.

Amnesty International-მა („საერთაშორისო ამნისტია“ ) 2024-2026 წლებში უკრაინის ტყვეთა ორ ბანაკში ჩაატარა გამოკითხვა. შედეგად გამოვლინდნენ ბრაზილიის, კოლუმბიის, კუბის, ეგვიპტის, სიერა-ლეონეს, შრი-ლანკის, სომალისა და სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის მხარეს საბრძოლველად იყვნენ გადაბირებული.

„Amnesty International-ის კვლევა აჩვენებს, როგორ ავსებს რუსეთის შეიარაღებული ძალები საკუთარ რიგებს ეკონომიკურად დაუცველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებით და როგორ იყენებს მათ „საზარბაზნე ხორცად“ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში“, - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა.

„რუსეთში მიგრანტებისა და ლტოლვილების მიმართ უკვე არსებული ექსპლუატაციური მიგრაციული მარშრუტებისა და ძალადობის გამოყენებით, რეკრუტერებმა შეიმუშავეს იძულების, თაღლითობისა და მოტყუების სისტემა, რომელიც მოიცავს სამოქალაქო ან არასაბრძოლო სამუშაოზე დასაქმების ცრუ დაპირებებს, უცხოელების შეიარაღებული ძალების რიგებში გადაბირების მიზნით“.

„როგორც კი მსხვერპლი დოკუმენტებს მოაწერს ხელს - ხშირად ისეთ ენაზე, რომელიც არ ესმის - სამხედრო მეთაურები მას გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ, მინიმალური მომზადების შემდეგ კი ფრონტის წინა ხაზზე აგზავნიან და ემუქრებიან, თუ ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას შეეცდება“, - განაცხადა კალამარმა.

ზოგიერთი ოჯახი შვილებს საზღვარგარეთ სასწავლებლადაც აგზავნის, რათა მათ განათლების მიღების შესაძლებლობით ისარგებლონ.

ასიფ ფაიჯაი ნაიანის ოჯახმა განაცხადა, რომ შვილი მოსკოვში მას შემდეგ გაგზავნეს, რაც მას მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხვა შესთავაზეს, თუმცა იქვე დაუთქვეს პირობა: მანამდე მას ოთხი თვე უნდა ემსახურა ომში ჩაბმული ერთ-ერთი რუსული სამხედრო ნაწილის შემადგენლობაში .

ასიფის დედამ, ფირდაუს ნიგარმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შვილის სამხედრო სამსახურის ვადა 15 ოქტომბერს უნდა ამოწურულიყო. ამ თარიღამდე ოჯახი რეგულარულად იღებდა შეტყობინებებს, 15 ოქტომბრის შემდეგ კი არანაირი ინფორმაცია აღარ მიუღიათ.

„დამიკავშირდა მისი თანამებრძოლი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი შვილი უსაფრთხოდაა, მაგრამ მანამდე ვერ დავმშვიდდებით, სანამ მის ხმას არ გავიგონებთ“, - თქვა ქალმა, რომელმაც, როგორც თვითონ ამბობს, სხვა ადამიანებისგან შეიტყო, რომ თითქოს მისი შვილი „ავად არის და საავადმყოფოში იმყოფება“.

ბანგლადეშის შრომითი რესურსების, დასაქმებისა და პროფესიული მომზადების ბიუროს საზღვარგარეთ დასაქმების პლატფორმის მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 27 ოქტომბრამდე რუსეთში სამუშაოდ წასვლის ნებართვა ბანგლადეშის 7449 მოქალაქემ მიიღო.

ბანგლადეშური არასამთავრობო ორგანიზაციების, Fortify Rights-ისა და Truth Hounds-ის მიერ მარტში ჩატარებული ერთობლივი გამოძიების თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბანგლადეშის სულ მცირე 104 მოქალაქე გადაიბირა, მათგან სულ მცირე 34 კი დაიღუპა.

დაკელმა ჟურნალისტმა მოჰამედ ჯამილ ხანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბანგლადეშის მოქალაქეები, რომლებსაც ადგილობრივი სააგენტოების მეშვეობით რუსეთში ასაქმებენ, ჩვეულებრივ, ექვსთვიან სამუშაო ვიზებს იღებენ.

მისი განმარტებით, ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ ბანგლადეშელ მუშებს ორი არჩევანი აქვთ: ხელი მოაწერონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების ახალ კონტრაქტს და გააგრძელონ ვიზის მოქმედების ვადა, ან დატოვონ ქვეყანა - როგორც წესი, იმაზე ნაკლები თანხით, ვიდრე იქ ჩასვლაში დახარჯეს.

დაკაში მდებარე ბანგლადეშური არასამთავრობო ორგანიზაცია BRAC ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ბანგლადეშელ მიგრანტებს პასპორტებსა და ტელეფონებს ართმევს, შემდეგ კი სამხედრო ობიექტებზე გაგზავნამდე „ნებაყოფლობითი სამსახურის ხელშეკრულებებზე“ ხელის მოწერას აიძულებს.

ორგანიზაციამ ბანგლადეშის მთავრობას მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს იმ ათასობით ბანგლადეშელს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთში იმყოფებიან, რათა თავიდან აიცილონ უფრო მეტი თანამოქალაქის საბრძოლო მოქმედებებში იძულებით ჩართვა.

„მთავრობამ უნდა გაარკვიოს, დღემდე რამდენი ადამიანი მუშაობს იქ, რამდენი მათგანი ჩაერთო ომში და რამდენია მათგან ჯერ კიდევ ცოცხალი“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას BRAC-ის მიგრაციის პროგრამის დირექტორმა შარიფულ ისლამ ჰასანმა.

რადიო თავისუფლებამ ბანგლადეშის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებსაც მიმართა კითხვით, რამდენი ბანგლადეშელი იმყოფება რუსეთში, როგორც ლეგალური, ისე არალეგალური სტატუსით, და რა ხასიათის სამუშაოს ასრულებენ ისინი, თუმცა პასუხი არ მიუღია.

სატყუარად მტრის აღმოსაჩენად

ბანგლადეშის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარს იძიებს. ამასთან, ის ადასტურებს, რომ სულ მცირე 17 მამაკაცი, რომლებიც რუსეთში მაისის დასაწყისში ჩავიდნენ, ფრონტზე გაგზავნის პირველივე დღეს დაიღუპა.

2026 წლის ოქტომბერში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებმაც, გამოძიების ვარაუდით, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს დაპირებით რუსეთში ბანგლადეშის სულ მცირე 30 მოქალაქე გადაიყვანეს უკანონოდ. გამოძიება ასევე ეძებს ყირგიზეთისა და რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც რეკრუტირების სააგენტოებთან (Jabal-e-Noor, RS International, TS Overseas Limited) თანამშრომლობდნენ.

სამი რეკრუტერიდან არცერთისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

ამასობაში ბანგლადეშის სპეციალური სწრაფი რეაგირების ბატალიონის (SRB) ხელმძღვანელმა მოჰამედ ასადუზამანმა ოქტომბერში რუსეთის სამხედროები დაადანაშაულა იმაში, რომ ბანგლადეშელებს მოწინააღმდეგის პოზიციების გამოსავლენ სატყუარად იყენებენ.

„რუსეთის ჯარებმა თავიანთი შემდგომი მოქმედებების გეგმა მას შემდეგ განსაზღვრეს, რაც ბანგლადეშელები უკრაინული დრონის თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს იმ იერიშის შესახებ, რომელსაც ჰოსაინი გადაურჩა.

ჰოსაინი ამბობს, რომ მას ცხოვრება დაენგრა - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება და მუშაობა აღარ შეუძლია, თუმცა სამშობლოში დაბრუნება მაინც მოახერხა.

დაღუპულთა ბევრი ნათესავი რუსეთისა და ბანგლადეშის ხელისუფლებებს სთხოვს, დაეხმარონ ახლობლების მოძებნასა და სამშობლოში გადმოსვენებაში. მათი ცხედრები ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ფიროზა ხათუნმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი შვილი, იასინი, რუსეთში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 2024 წლის სექტემბერში ერთ-ერთ კომპანიაში სამუშაოდ აიყვანეს.

სამი თვის შემდეგ მან ოჯახს შეატყობინა, რომ ფრონტის წინა ხაზზე მიემგზავრებოდა.

ხათუნის თქმით, შვილს ბოლოს 2025 წლის 25 მარტს ესაუბრა, რის შემდეგაც მათ შორის კავშირი მთლიანად გაწყდა.

ერთი კვირის შემდეგ შვილის ერთ-ერთმა თანამებრძოლმა შეატყობინა, რომ იასინი დაიღუპა. მისი თქმით, სხვა ბანგლადეშელ თანამებრძოლებთან საუბრებმა დაადასტურა, რომ ის 27 მარტს გარდაიცვალა.

„მისი ცხედარი ჯერ კიდევ რუსეთშია“, - თქვა ხათუნმა.

„ჩვენი უკანასკნელი სურვილია, ჩემი შვილი ბანგლადეშში, საკუთარ სახლში, რელიგიური წესების დაცვით დავკრძალოთ... მაგრამ ჩვენ უძლურნი ვართ“.

​
XS
SM
MD
LG