რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთის მოთხოვნებს საზღვარი არ აქვს“ - დმიტრო ლევუსი აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე

დმიტრო ლევუსი, დონალდ ტრამპი, ვოლოდიმიტ ზელენსკი, ვლადიმირ პუტინი და ვაჟა თავბერიძე
ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ ექსპერტ დმიტრო ლევუსთან აბუ-დაბის მოლაპარაკებებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ

10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში, ცხრათვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ის შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეები ფართომასშტაბიან ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის, ტერიტორიებისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე გარღვევა არ მომხდარა. რადიო თავისუფლება უკრაინელ ანალიტიკოსს ესაუბრა იმაზე, თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს კიევი ან მოსკოვი შეთანხმების მისაღწევად, რატომ საუბრობს მოსკოვი „ახალ იალტაზე“ და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ის შუალედურ არჩევნებს სამშვიდობო პროცესზე.

ომს ლევუსისთვის პირადი განზომილებაც აქვს - აპრილში მისი ვაჟი, „აზოვის“ მებრძოლი ბოგდანი, ომში დაიღუპა. Ინტერვიუს დასასრულს, ანალიტიკოსი საუბრობს იმაზეც, როგორი მშვიდობა მიაჩნია მისი ხსოვნის ღირსად.

რადიო თავისუფლება: სანამ აბუ-დაბის მოლაპარაკებებზე გადავალთ, ოლეშკის შეთანხმებაზე უნდა გკითხოთ. რატომ დათანხმდა რუსეთი იქ ცეცხლის შეწყვეტას და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, რა მოიგო ამით?

დმიტრო ლევუსი: ჰუმანიტარული ოპერაცია რუსეთს არაფერი დაუჯდა. თანაც მთელი მსოფლიოს ყურადღება ოლეშკისკენ იყო მიპყრობილი და მოსკოვს რაღაც უნდა ეღონა. ამიტომაც სცადა, ინიციატივა ხელში აეღო და ისე წარმოეჩინა საქმე, თითქოს კეთილ ნებას იჩენდა. პროცესში ამერიკელებიც იყვნენ ჩართული, ტრამპს კი საგარეო პოლიტიკაში შედეგების მიღწევა უჭირს. პირველი ლედის ძალისხმევასაც მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის ნაწილად აღიქვამენ და ამ შემთხვევაში მას შეუძლია თქვას, რომ შედეგს მიაღწია.

შესაძლოა მოსკოვში ჩათვალეს, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო კამპანიის დროს ეს ტრამპის მხარდაჭერის კარგი საშუალება იყო. თანაც კრემლმა კეთილი ნების ამ იმიტაციით ისარგებლა და თავისი მომლაპარაკებელი, დმიტრიევი, ტრამპს შეახვედრა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ამას დიპლომატიურ გამარჯვებას ვერ დავარქმევდი. ეს უფრო კრემლის ნამდვილი სახის დამალვის მცდელობა იყო, კარგად დადგმული და გათამაშებული.

რადიო თავისუფლება: აბუ-დაბის მოლაპარაკების შემდეგ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ რუსულ მედიას მისცა ინტერვიუ, რომელშიც „ჩვენი მიწის ყოველი გოჯის დაბრუნების“ პირობა დადო. ამას პუტინის სიტყვებიც მოაყოლა: სადაც რუს ჯარისკაცს ფეხი დაუდგამს, იქ ყველაფერი „ჩვენი მიწააო“. რამდენადაა ეს მედიისთვის გათვლილი რიტორიკა? სინამდვილეში რას ითხოვს რუსეთი და რას დასჯერდებოდა?

დმიტრო ლევუსი: ჩემი აზრით, ის, რომ რუსეთმა საკუთარ დელეგაციას სათავეში მედინსკი ჩაუყენა, კარგად აჩვენებს, რამდენად „სერიოზულად“ ეკიდებოდა ამ პროცესს და რამდენადაა რეალურად დაინტერესებული მშვიდობის მიღწევით. ამ მოლაპარაკებებზე მშვიდობისკენ რეალური წინსვლის შანსი არ არსებობდა. ეს დროის ფუჭი კარგვა იყო.

მედინსკი გროტესკული ფიგურაა, მაგრამ ამავე დროს, მის ნათქვამს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. 2020 წლიდან პუტინი წერს სტატიებს, რომლებშიც უკრაინელების არსებობის უფლებას უარყოფს, უკრაინას კი ხელოვნურ წარმონაქმნად აცხადებს. შეპყრობილია ამ „თეზისით“. ამ თვალსაზრისით, რუსეთის მოთხოვნებს საზღვარი არ აქვს.

თუმცა ირონიულია, რომ მედინსკიმ ეს სიტყვები 11 ნოემბერს თქვა, ხერსონის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების მეოთხე წლისთავზე. პუტინის თქმით, სადაც რუსეთი თავის დროშას აღმართავს ან რუსი ჯარისკაცის ჩექმა შეაბიჯებს, ის მიწა სამუდამოდ რუსეთისაა. ხერსონი კარგად აჩვენებს, რა ფასი აქვს ამ სიტყვებს.

ამერიკელი მომლაპარაკებლები ხშირად ამბობენ, ტერიტორიის გარდა, ყველაფერზე შევთანხმდითო. მაგრამ მოსაზრება, თითქოს რუსეთი მშვიდობის სანაცვლოდ მხოლოდ დონბასს ითხოვს, ძირეულად მცდარია. მოსკოვისთვის ეს რეალური მოლაპარაკების დაწყების წინაპირობაა. რუსეთი არ თმობს პრეტენზიას ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, ასევე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაზე. მოსკოვს მიაჩნია, რომ ამ პრეტენზიების თავის ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში ჩაწერით ეს ტერიტორიებიც „რუსულ მიწებად“ აქცია.

უიტკოფი წუხდა, რა უხეირო კონსტიტუცია აქვთ უკრაინელებს, საკუთარი ტერიტორიების დათმობის უფლებას არ აძლევსო... ბატონ უიტკოფს ვერაფრით დავამშვიდებთ - ჩვენი კონსტიტუციის ამ კუთხით „გაუმჯობესება“ არ იგეგმება.

არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს უკრაინის განიარაღებაც სურს, არც ამ მოთხოვნაზე არ უთქვამს უარი. მოლაპარაკებისას უკრაინის ჯარის რიცხოვნობის ზედა ზღვარი გაზარდეს, მაგრამ მოსკოვს ისევ სურს, უკრაინის შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ინდუსტრია ისე შეზღუდოს, რომ ქვეყანამ თავი ვეღარ დაიცვას. ამას ემატება სახელმწიფო მდივნის, რუბიოს, ნათქვამიც, რომ უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვის მისაღები უნდა იყოს. მოსკოვი კი არ დათანხმდება ამერიკისა თუ ევროპის ისეთ გარანტიებს, რომლებიც მას საშუალებას არ მისცემს, აგრესია მაშინ განაახლოს, როცა მოესურვება.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ფრონტის ხაზის გაყინვაზე მზადყოფნა გამოთქვა. რამდენად სავარაუდოა, რომ ამის სანაცვლოდ კიევი მართლაც მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს და უდრის თუ არა ეს ტერიტორიების დათმობას?

დმიტრო ლევუსი: უკრაინის მხრიდან უკვე უზარმაზარი კომპრომისია ის, რომ რუსეთს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე სთავაზობს. ხაზს გავუსვამდი იმასაც, რომ როცა ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებზე ლაპარაკობს, რეალურ გარანტიებს გულისხმობს. კრემლის ნაკარნახევი გარანტიები სანდო ვერ იქნება.

უკრაინა შეიძლება საბრძოლო მოქმედებების გაყინვას დათანხმდეს, მაგრამ თავისი ტერიტორიების დაკარგვას რეალური გარანტიების სანაცვლოდაც კი არ აღიარებს. ალბათ გახსოვთ, შარშან ერთ ინტერვიუში უიტკოფი როგორ წუხდა, რა უხეირო კონსტიტუცია აქვთ უკრაინელებს, საკუთარი ტერიტორიების დათმობის უფლებას რომ არ აძლევსო? ბატონ უიტკოფს ვერაფრით დავამშვიდებთ - ჩვენი კონსტიტუციის ამ კუთხით „გაუმჯობესება“ არ იგეგმება.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ შეთანხმება შესაძლოა უკრაინის საკითხს გასცდეს და ევროპის უსაფრთხოებასაც შეეხოს. მედინსკის თქმით, აბუ-დაბის მოლაპარაკებების უპირველესი მიზანიც ევროპის უსაფრთხოების ახალი, ყოვლისმომცველი არქიტექტურის შექმნაა. მისი თქმით, ამ პროცესებმა თანამედროვე იალტასა და პოტსდამთან უნდა მიგვიყვანოს. რამდენად უნდა აშფოთებდეთ ევროპასა და სხვა ქვეყნებს იმის შესაძლებლობა, რომ ეს იალტა 2.0. მართლაც იქცეს რეალობად?

დმიტრო ლევუსი: ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ ცდილობდა რუსეთი, პირდაპირ ტრამპს გარიგებოდა და ომი ისე დაესრულებინა, რომ კიევი უკვე ფაქტის წინაშე დაეყენებინა. როცა მოსკოვი ახალ იალტაზე ლაპარაკობს, რატომღაც „ავიწყდება“, რომ იალტა იმ დიდი ომის შემდეგ შედგა, რომლის მოგებაც მან შეძლო. დღევანდელი რუსული აგრესიის ლოგიკა უფრო ჰიტლერის გერმანიისას ჰგავს: ჯერ ჩეხოსლოვაკია, შემდეგ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. დიდი სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს თავად იღებდნენ, მომცრო „კოლეგებს“ კი უბრალოდ დამდგარ შედეგს აცნობებდნენ ხოლმე.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, თუ სინამდვილეში რისი მიღწევა სურს მოსკოვს - ირონიულია, რომ ყველაზე ღიად ეს აბუ-დაბიში რუსული დელეგაციის კიდევ ერთი წევრის მიერ რამდენიმე წლის წინ გაჟღერდა: 2021 წლის დეკემბერში, იმ ცნობილი ულტიმატუმისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვმა თქვა: „ნატო, ბარგი ჩაალაგე და 1997 წლის საზღვრებს იქით გაბრუნდი“. რუსებმა იციან, რომ ტრამპი ნატოს სკეპტიკურად უყურებს და ევროპას მოუწოდებს, საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. მოსკოვი ამაში შესაძლებლობას ხედავს. მას სურს, ევროპაში ამერიკის ყოფნის მასშტაბები შემცირდეს, აგრესიის შემთხვევაში კი ნატოს მანევრირების სივრცე შეეზღუდოს.

რადიო თავისუფლება: ევროპელი წარმომადგენლები აბუ-დაბიში იმყოფებოდნენ და ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებსაც შეხვდნენ, თუმცა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდნენ. რა გავლენა შეიძლება ან უნდა ჰქონდეს ევროპას შეთანხმების შინაარსზე და რატომ ეწინააღმდეგება მოსკოვი მის სრულფასოვან ჩართვას?

გეგმა ასეთია - რუსეთი ევროპას გახლეჩს და ევროპის ქვეყნებს ცალ-ცალკე მოელაპარაკება - ვინც პირველი ეახლება, შედარებით ხელსაყრელ გარიგებას მიიღებს.

დმიტრო ლევუსი: მოსკოვი ცდილობს, ევროპელების ზურგს უკან მოილაპარაკოს, როგორც უკრაინის შემთხვევაში სცადა. დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვი უკრაინაზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობას არც განიხილავდა. როცა ეს საკითხი ამ ზაფხულს წამოიჭრა, ამერიკელები, საბოლოოდ, დათანხმდნენ, რომ ამ პროცესში ევროპაც უნდა ყოფილიყო ჩართული. მოსკოვი ამას ვეღარ უგულებელყოფდა და, როგორც ხშირად სჩვევია, სცადა, ყველაფერი აბსურდის თეატრად ექცია. დაიწყო ლაპარაკი, რომ წარმომადგენელი ისეთი უნდა ყოფილიყო, ვისაც მოსკოვი ენდობოდა, და ამ როლში თავისი გავლენის აგენტი, ყოფილი ბუნდესკანცლერი შრიოდერი დაასახელა. მთელი ამბავი ფარსად, ნამდვილ კლოუნადად აქცია. ეს მოსკოვის კლასიკური ხელწერაა.

ახლა ევროპის უსაფრთხოების სისტემაზეა ლაპარაკი და მოსკოვი ამასაც ფარსად აქცევს. მას ვაშინგტონთან ისეთი გარიგების დადება სურს, რომ ევროპა მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენოს, მერე კი ევროპას გახლეჩს და ევროპის ქვეყნებს ცალ-ცალკე მოელაპარაკება - ვინც პირველი ეახლება, შედარებით ხელსაყრელ გარიგებას მიიღებს. როგორც ჩანს, მოსკოვში ფიქრობენ, რომ ევროპაში არჩევნების შედეგად მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე ეს გამოუვათ.

რადიო თავისუფლება: ტრამპის სიტყვებს, რომ „პუტინს უპატივცემულოდ მოექცნენ“ და „უკრაინას ომის დამთავრების შემდეგ სხვა კონტურები ექნება“, კრიტიკა მოჰყვა. მაგრამ მოდით, ამ სიტყვებს სხვა მხრიდანაც შევხედოთ. პუტინის განდიდების მანიის ფონზე, განა ასე ძნელი დასაჯერებელია, რომ ის მართლა ფიქრობს, რომ შეურაცხყვეს და საკადრისი პატივი არ მიაგეს? და ის, რომ უკრაინას ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნება არ შეუძლია, ეს ხომ იმ სიმართლეების კატეგორიიდანაა, რომელთა ხმამაღლა თქმასაც ერიდებიან? ზელენსკიმ ხომ თავად თქვა, რომ მზადაა, ომი ფრონტის ხაზზე გაყინოს.

დმიტრო ლევუსი: როცა ტრამპი უპატივცემულობაზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ეს ლამის ომის მიზეზი ყოფილიყოს, ეს კარგად გვიჩვენებს, თუ რა თვალით უყურებს პუტინს. მისი აზრით, დიდი სახელმწიფოების ლიდერებს იმაზე მეტის უფლება უნდა ჰქონდეთ, ვიდრე საერთაშორისო სამართალი, მორალი თუ დიპლომატია უშვებს.

რაც შეეხება ტერიტორიების შესაძლო დაკარგვას და იმ რეპლიკას უკრაინის „სხვა კონტურებზე“, ამერიკულ დიპლომატიაში სხვაგვარი პრეცედენტიც არსებობს. 1940 წელს საბჭოთა კავშირმა ბალტიის ქვეყნები ხელში ჩაიგდო და მათი ოკუპაცია მოახდინა. მოგვიანებით ამერიკულ რუკებზე ეს ქვეყნები საბჭოთა კავშირის ტერიტორიად ეხატა, მაგრამ შეერთებულ შტატებს მათი ანექსია სრულად არასოდეს უღიარებია. საბოლოოდ ეს არაღიარება მათ ძალიან დაეხმარა 1991 წელს სუვერენიტეტის აღდგენაში. არა მგონია, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს იმ პრეზიდენტის პირად აზრს, რომელიც ხშირად ცდება, როდესაც საქმე უკრაინის შესაძლებლობების შეფასებას ეხება.

რადიო თავისუფლება: შუალედურ არჩევნებზეც უნდა გკითხოთ - რა მოლოდინი გაქვთ უპრეცედენტო „ლურჯი ტალღის“ შემდეგ, როგორ შეიძლება შეიცვალოს შეერთებული შტატების პოლიტიკა უკრაინის მიმართ?

დმიტრო ლევუსი: სახელმწიფო მდივან რუბიოსგან უკვე მოვისმინეთ, რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან მას პრეზიდენტი განსაზღვრავს. ამაზე არავინ დავობს.

არც ჩვენ ველით, რომ ორ თვეში რაიმე რადიკალურად შეიცვლება, მაგრამ ამ ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის გატარება უკვე სხვა პირობებში მოუწევს. გაცილებით მეტი დაბრკოლება შეხვდება და საკუთარი გადაწყვეტილებების გატანაც გაურთულდება.

დასავლეთში ხშირად ვიშვიშებენ, რომ რუსეთის დაშლა ტრაგედია იქნებოდა, რადგან არ ვიცით, ვის ხელში აღმოჩნდება მისი ბირთვული იარაღიო. ეს უბრალოდ სასაცილო არგუმენტია - თითქოს ახლა სანდო ხელში იყოს.

რუსეთთან ფამილიარული ურთიერთობა უფრო გაუჭირდება როგორც შეერთებულ შტატებს, ისე - თავად პრეზიდენტს. ვფიქრობ, ამის პროგნოზირება შეგვიძლია.

რადიო თავისუფლება: ბოლო კითხვა მაქვს და მაპატიეთ, რომ ასეთ პირად საკითხს ვეხები. თქვენმა ოჯახმა ამ ომში განსაკუთრებით მძიმე დანაკარგი განიცადა. როგორ შეცვალა ამ გამოცდილებამ თქვენი წარმოდგენა იმაზე, თუ რას უნდა ნიშნავდეს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის?

დმიტრო ლევუსი: აღდგომას, 12 აპრილს, ჩემი ვაჟი ბოგდანი დაიღუპა. ის „აზოვის“ მებრძოლი იყო. ჩვენთვის, მისი ოჯახისთვის, ეს სრული კატასტროფა იყო. მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებით უნდა დაიწყოს. რუსეთი და მისი ხელმძღვანელები აგრესიისთვის უნდა დაისაჯონ. საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს ისინი, ვინც ეს ომი წამოიწყო და ისინიც, ვინც ახლა საზარელ დანაშაულებს სჩადიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ.

რუსეთმა უკრაინას რეპარაციებიც უნდა გადაუხადოს. ეს მინიმუმია. მაქსიმუმი კი რუსეთის განიარაღებას გულისხმობს, რომ მან კიდევ დიდხანს ვერ შეძლოს ახალი ომის წამოწყება სამეზობლოში. გადასახედი იქნებოდა ისიც, როგორ არის მოწყობილი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები. არ ვიცი, რა ფორმას მიიღებდა ეს: ეროვნული პროექტები, ტერიტორიული პროექტები, შესაძლოა ისეთებიც, სადაც ტერიტორიული და ეკონომიკური პროექტების თანხვედრა იქნება. ეს რუსეთის ბირთვულ განიარაღებასაც გულისხმობს. დასავლეთში ხშირად ვიშვიშებენ, რომ რუსეთის დაშლა ტრაგედია იქნებოდა, რადგან არ ვიცით, ვის ხელში აღმოჩნდება მისი ბირთვული იარაღიო. ეს უბრალოდ სასაცილო არგუმენტია - თითქოს ახლა სანდო ხელში იყოს.

რადიო თავისუფლება: და რამდენად რეალურია ასეთი მშვიდობის მიღწევა?

დმიტრო ლევუსი: ვფიქრობ, მინიმუმის მიღწევა სრულიად შესაძლებელია. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმები, რომლებსაც ზელენსკი „შორი მოქმედების სანქციებს“ უწოდებს, რუსეთისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ამ დარტყმებს თან უნდა ახლდეს ეკონომიკური სანქციებით უწყვეტი და ყოვლისმომცველი ზეწოლა, უკრაინამ კი დახმარება დროულად უნდა მიიღოს. როცა რუსეთს ომის გასაგრძელებლად ფული გამოელევა, მისი დამარცხება შესაძლებელი იქნება. ამისთვის ყველა ეს ზომა ერთად უნდა გავატაროთ, იმის ნაცვლად, რომ რუსეთისთვის მორიგ ჯერზე თვალებში ჩახედვას ვცდილობდეთ, იმ იმედით, რომ ამჯერად იქ ნაცნობი ურჩხულის ნაცვლად, რაღაც სხვას დავინახავთ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

​
XS
SM
MD
LG