დელეგაციის წევრები არიან:
- ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე;
- ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე;
- გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა;
- ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი;
- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
დელეგაციას თან ახლავს საქართველოში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი.
კიდევ ვინ ჩავიდა მოსკოვში
კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩასულ სტუმრებს შორის არიან ანტიოქიის პატრიარქი იოანე X, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III, სერბეთის პატრიარქი პორფირე და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი. მოსკოვში ჩავიდნენ ბულგარეთის, ალბანეთისა და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებიც.
რუსეთის პატრიარქი
კირილე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს. ამის გამო მას სანქციები დაუწესეს, მათ შორის, უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ლიეტუვამ და ჩეხეთმა.
2022 წლის 25 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, კირილემ ქადაგებისას სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპვაზე თქვა: „გვწამს, რომ ეს მსხვერპლი ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რომლებიც ადამიანმა ჩაიდინა“.
ორი ეკლესიის ურთიერთობა
წელს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოს რამდენჯერმე ეწვივნენ. 22 მარტს ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო რუსეთის ეკლესიის დელეგაცია, რომელსაც მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტი ბენიამინი ხელმძღვანელობდა.
16 მაისს თბილისში შიო III-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი და დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი.
30 სექტემბერს, საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის წინ, შიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოს ეკლესია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მსახურებას ვერ ატარებს, დევნილები კი წინაპრების საფლავებზე ვერ მიდიან.
2 ოქტომბერს ჯაღმაიძემ კონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსულ მხარესთან რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზეც აწარმოებდა მოლაპარაკებებს. მას ტაძარი არ დაუსახელებია.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა, ორ ეკლესიას შორის კი კავშირი შენარჩუნდა.
მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, თუმცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს. ილია II-ისა და შიო III-ისადმი მიმართვებში ტიტულის ნაწილი - „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“ - გამოტოვებულია.
ფორუმი