„ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები და თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მისი მდგომარეობის სიმძიმეს განაპირობებს. დამწვარია სხეულის 12%-იანი ფართობი“, - თქვა ექიმმა.
დღეს, 21 ნოემბერს, დილის 11:00 საათისთვის აფეთქების ხმა გაისმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში - სავარაუდო მიზეზად დაასახელეს ბუნებრივი აირის დაგროვება.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოცვენილი ნივთები ეზოში მდგარ ავტომობილებს დაეცა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ერთადერთი დაშავებული, 74 წლის ქალი, კლინიკაში გადაიყვანა.
აფეთქების ადგილზე მივიდა ქუთაისის მერი, დავით ერემეიშვილი. მან დაშავებულ ქალზე დაყრდნობით თქვა, რომ აფეთქება მოხდა გაზის გამათბობლის ანთების დროს.
მერის ცნობით, იგეგმება ამ კორპუსიდან 15 ოჯახის გადაყვანა დროებით საცხოვრებლებში.
ორი დღის წინ ბუნებრივი აირი აფეთქდა დედაქალაქში, ფონიჭალაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფორუმი