რადიო თავისუფლება სერგეის მეუღლეს, ტატიანას, ესაუბრა. ის ქმრის ძებნას რუსეთიდან უწევს კოორდინაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „თავისუფლების უკანონო აღკვეთას“ გულისხმობს.
სერგეის მარშრუტი
ტატიანას თქმით, ოჯახმა პოლიციისგან შეიტყო, რა გზა გაიარა სერგეიმ გაუჩინარების დღეს.
- 13 ნოემბერს, 13:00 საათზე, ის სახლიდან გავიდა - დააფიქსირეს ბათუმის ცენტრში, ევროპის მოედანთან მდებარე ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე.
- გზის ნაწილი ფეხით გაიარა, შემდეგ კი ტაქსით ბულვარის ბოლოში, აეროპორტთან მივიდა. ამ ადგილიდან მოქალაქეები თვითმფრინავების აფრენასა და დაფრენას აკვირდებიან.
- იქიდან სერგეიმ აეროპორტის ცენტრალურ შესასვლელამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით გაიარა და №10ა ავტობუსში ჩაჯდა.
- ეს ავტობუსი აეროპორტიდან სანაპიროს მიუყვება. მისი ბოლო გაჩერება მწვანე კონცხთან, სოფელ სახალვაშოშია.
„სამწუხაროდ, კამერების ჩანაწერებით ვერ დაადგინეს, სად ჩავიდა. არ ჩანს, ქალაქის ცენტრში ჩამოვიდა თუ ბოლო გაჩერებამდე გაჰყვა ავტობუსს“, - ამბობს ტატიანა.
მისივე თქმით, არ დადასტურდა გავრცელებული ცნობა, თითქოს სერგეი კამერებმა გაუჩინარების მეორე დღესაც დააფიქსირეს. კადრებში სხვა მამაკაცი აღმოჩნდა.
რას ელოდება ოჯახი გამოძიებისგან
ტატიანა ამბობს, რომ სერგეი საბუთებს ყოველთვის თან ატარებდა. სხვა პირადი ნივთები ნაქირავებ ბინაში დარჩა. მისი თქმით, ბინას არაფერი ეტყობოდა, რომ სერგეი ნივთებს ალაგებდა ან სადმე წასასვლელად ემზადებოდა. ტატიანას არც გაუჩინარებამდე შეუმჩნევია რაიმე საეჭვო და არც ახლა აქვს ვარაუდი, რა შეიძლება მომხდარიყო. სერგეი IT-სპეციალისტია და დისტანციურად მუშაობდა.
რადიო თავისუფლებამ ტატიანას ჰკითხა, მისთვის ცნობილია თუ არა რაიმე კონკრეტული გარემოება, რის გამოც პოლიციამ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
„კონკრეტული მიზეზი ისაა, რომ განცხადების შეტანის შემდეგ ის ვერ იპოვეს“, – გვიპასუხა ტატიანამ.
მისივე თქმით, გამოძიების დაწყების შემდეგ შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა ბანკებიდან და მობილური კავშირის ოპერატორისგან. ოჯახი იმედოვნებს, რომ სამშაბათს, 24 ნოემბერს, სერგეის ტელეფონისა და საბანკო ბარათების გამოყენების შესახებ მეტს შეიტყობს.
მოხალისეები მიტოვებულ ადგილებს ამოწმებენ
ოჯახს ძებნაში მოხალისეები და ადვოკატი ეხმარებიან. ინფორმაცია გადამოწმდა კლინიკებშიც. ბათუმში ჩამოსული იყო სერგეის დედაც, თუმცა 22 ნოემბერს მას რუსეთში დაბრუნება მოუწია.
ტელეგრამში შექმნილია ჯგუფი, სადაც ძებნაში ჩართულ ადამიანებს ინფორმაციის გაზიარება შეუძლიათ.
„მოხალისეები ქალაქში განცხადებებს აკრავენ, ავტობუსის მარშრუტიც გაიარეს და მიტოვებულ ადგილებს ამოწმებენ. ჯერჯერობით ახალი ინფორმაცია არ გვაქვს“, – ამბობს ტატიანა.
მისი თქმით, პოლიცია ვარაუდობს, რომ სერგეი ცოცხალია. „ჩვენც გვჯერა, რომ ცოცხალია. სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება“, – ამბობს ის.
ფორუმი